რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუსეთის ჩარევის გამო გააუქმა. შესაბამისად, გააუქმა არჩევნების მეორე ტურიც, რომელიც 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე საპრეზიდენტო კანდიდატს - კალინ ჯორჯესკუს გაემარჯვა.
რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე გაასაჯაროვა დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი სოციალურ მედიაში, მათ შორის, TikTok-სა და Telegram-ზე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯორჯესკუს ათასობით მხარდამჭერ ანგარიშს მართავდა.
24 ნოემბერს გამართული პირველი ტურის შედეგებით ჯორჯესკუმ 23%-იანი მხარდაჭერით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ლიბერალმა ელენა ლასკონიმ ხმების 19.18% მოიპოვა. მოქმედი სოციალ-დემოკრატი პრემიერმინისტრი მარჩელ ჩოლაკუ, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მესამე ადგილზე გავიდა.
წინასაარჩევნო ეგზიტპოლები და კვლევები აჩვენებდნენ, რომ პირველ ადგილზე მმართველი პარტიის კანდიდატი გავიდოდა, ჯორჯესკუზე კი ვარაუდობდნენ, რომ ის ხმების დაახლოებით 5%-ს მოიპოვებდა.
არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო, სადაც ერთმანეთს ჯორჯესკუ და ლასკონი დაუპირისპირდებოდნენ, თუმცა აღნიშნულის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ხელახლა გაიმართება.