პია კაუმას ვიზიტის გადადება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა ძალები ებრძვიან დღეს ჩვენს სახელმწიფოს, რა ძალებს არ უნდათ მშვიდობა, სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებსაც არ უნდათ, არ უხარიათ ჩვენი ქვეყნის წარმატება, პირველ რიგში, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია. შეფასებისათვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზიტის გადადება არის ცუდი, თუმცა გაცილებით ცუდია ომი, არასტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია, დაკარგული ტერიტორიები და ის უბედურება, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებამ მოიტანოს. ვიზიტის გადადება მიუთითებს მათ შორის იმაზე, რომ თავად ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მედია არ აღმოჩნდა მზად მასთან სალაპარაკოდ, რადგან იგივე ეუთო-ს დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.