დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი აშშ-სა და ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს.
განცხადება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"საქართველოს მოსახლეობა მკაფიოდ გამოხატავს წინააღმდეგობას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს ქვეყნის შემდგომი სვლა ევროპული მომავლისკენ, რაც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციას.
ვგმობ სასტიკი და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არის შეკრების უფლების სერიოზული დარღვევა, როგორც აღნიშნა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოისმინოს, განმუხტოს სიტუაცია და შეაჩეროს ქვეყნისთვის დამაზიანებელი მიმართულებით სვლა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლების უგულებელყოფის გაგრძელება ფუნდამენტურად დააზარალებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან მომავალ ურთიერთობებს", - წერია განცხადებაში.