პრეზიდენტმა თანხმობის გარეშე განახორციელა ვიზიტი, ეს არის დარღვევა, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
მდინარაძის განმარტებით, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა.
"საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის მიზეზი არის ერთადერთი, სამწუხაროდ, საჭირო გახდა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებების, მათი გამიჯვნის შესახებ და კომპეტენციების შესახებ განმარტოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რადგან პრეზიდენტის მხრიდან, თავისივე თქმით, თავისივე აღიარებით, უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია; ეს, სამწუხაროდ, ასევე იყო არა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, რაზეც მან ისაუბრა, არამედ სხვა შემთხვევაშიც, რაზეც ასევე ჩვენ ვისაუბრეთ", - თქვა მდინარაძემ.
მისი თქმით, მათ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ პრეზიდენტმა თანხმობის გარეშე განახორციელა კონკრეტული ვიზიტი.
"ჩვენ გავიგეთ პრემიერისგან, რომ წერილობითი უარი ჰქონდა იმ ორგანოს მხრიდან, რომელსაც აქვს უფლებამოსილება და ვალდებულება, საგარეო სფეროში განახორციელოს აღსრულება ქვეყნის პოლიტიკის. ამის მიუხედავად, მან წინასწარ არ შეატყობინა, ისე დაგეგმა ვიზიტის შესახებ და უფრო მეტიც, მისი წარმომადგენელი მიწვეული იქნა სპეციალურ სხდომაზე, მთავრობის სამუშაო შეხვედრაზე, ოპერატიულ თათბირზე, განემარტა გარკვეული რისკების შესახებ და იმის შესახებაც, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე დაგეგმვა ვიზიტების პრეზიდენტს არ შეუძლია, ამ ყველაფრის მიუხედავად, მან მაინც განახორციელა ვიზიტი. ბიუროს სხდომაზე, როდესაც ჩვენ გვამუნათებდნენ, რომ პრეზიდენტი უნდა მოსულიყო დაჩქარებული წესით და მოეთხრო იმის შესახებ, რა ხდებოდა მისი ვიზიტების დროს, გუშინ ვნახეთ, რომ ერთი სიტყვაც არ თქმულა ამაზე, ეს უკვე სულ მცირე ალოგიკურია", – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.