გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ კანცლერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, მერკელის განცხადებით, ბერლინი ყურადღებით დააკვირდება ნავალნისთან დაკავშირებით საკითხის შემდგომ განვითარებას.
"მე მოვითხოვე ალექსეი ნავალნის გათავისუფლება და აღვნიშნე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმის მონიტორინგს", - თქვა მერკელმა.
თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული და არა პოლიტიკური საქმიანობისთვის.
მარტის შუა რიცხვებიდან ნავალნი კოლონიაში იხდის სასჯელს.
2020 წლის 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ტომსკიდან მოსკოვს მიემგზავრებოდა, ცუდად გახდა. თვითმფრინავმა ომსკში საგანგებო დაშვება განახორციელა, ნავალნი ადგილობრვი კლინიკაში მოათავსეს.
22 აგვისტოდან ნავალნი სამკურნალოდ ბერლინში, "შარიტეს" კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. ნავალნის ორგანიზმში აღმოაჩინეს მომწამლავი ნივთიერება. დადგინდა, რომ ნავალნი რუსული ნერვული აგენტ "ნოვიჩოკით" მოწამლეს. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.
2021 წლის იანვარში, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, სადაც ის მაშინვე დააპატიმრეს.
მიმდინარე წლის 2 მარტს, ევროკავშირმა, კანადამ და შეერთებულმა შტატებმა ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით, რუსეთს სანქციები დაუწესეს.
2021 წლის 20 აგვისტოს გაერთიანებულმა სამეფომ, ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით, სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) 7 თანამშრომელს.