რუსი ოპოზიცინერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, გერმანული სამედიცინო თვითმფრინავით ომსკიდან ბერლინის "შარიტეს" კლინიკაში გადაიყვანეს.
გერმანული მედია იუწყება, რომ ნავალნის მდგომარეობა სტაბილურია.
ერმანიამ პარასკევს დილით ომსკში გაგზავნა სპეციალური სამედიცინო თვითმფრინავი, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ტრანსპორტირებისთვის არის აღჭურვილი, რათა ნავალნი ბერლინში გადაეყვანათ.
თავდაპირველად, ომსკელი ექიმები წინააღმდეგნი იყვნენ ნავალნის ბერლინში ტრანსპორტირებისა, რადგან "მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის გადაადგილება არ შეიძლებოდა".
ხუთშაბათს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან სამედიცინო დახმარება და თავშესაფარი შესთავაზონ ნავალნის.
მანამდე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება დაეხმარებოდა ნავალნის გარემოცვას, მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაში.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ომსკიდან მოსკოვს ბრუნდებოდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. ნავალნი აეროპორტიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოპოზიციონერის გარემოცვა ირწმუნება, რომ იგი მოწამლულია.