გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, აუცილებელია, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გარემოებებმა მეტი გამჭვირვალობა და სიცხადე შეიძინოს.
კანცლერის თქმით, სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებული ამ დრომდე არსებული ინფორმაცია არც ისე კეთილსაიმედოდ და სახარბიელოდ გამოიყურება.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო მოწამვლის გარემოებები ძალიან სწრაფად გაირკვეს. ჩვენ ამას დაჟინებით მოვითხოვთ, რადგან ის, რაც აქამდე მოვისმინეთ, ძალიან არასახარბიელოდ გამოიყურება", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ანგელა მერკელმა მზადყოფნა გამოთქვა, საჭროების შემთხვევაში, ალექსეი ნავალნის გერმანულ საავადმყოფოში უმკურნალონ.
"დიდი იმედი მაქვს, რომ იგი ძალიან სწრაფად შეძლებს გამოჯანმრთელებას. თუ დახმარებას გვთხოვენ, ჩვენ მზად ვარ აღმოვუჩინოთ, მათ შორის გერმანიის ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოებში", - თქვა მერკელმა.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაშია. სავარაუდოდ ის მოწამლულია. ნავალნის პრესსპიკერის კირა იარმიშის განმარტებით, პოლიტიკოსი უგონო მდგომარეობაშია და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ალექსეი ნავალნიმ თვითმფრინავში გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავი ტომსკში საგანგებოდ დაჯდა.
ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ნავალნი სავარაუდოდ ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოიწამლა, რადგან მას მხოლოდ ჩაი ჰქონდა მიღებული.
საავადმყოფოს ადმინისტრაცია იტყობინება, რომ ნავალნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ფოტო: AFP