თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ ქართველ კოლეგასთან, სულხან თამაზაშვილთან, სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის მთავარი თემა ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი იყო. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
თურქული გამოცემა Ankara Masası-ს ცნობით, ჩიფთჩიმ ქართველ კოლეგასთან თურქი გულშემატკივრების მიმართ ძალის გამოყენების გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
გამოცემა Haberler-ის ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა თურქ კოლეგას განუცხადა, რომ ქართულ მხარეს სურს, ბათუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ ყველაფერი კარგად დასრულდეს.
მისივე თქმით, გულშემატკივრებისთვის პალესტინის დროშები არა საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, არამედ უეფას თანამშრომლებს ჩამოურთმევიათ. თამაზაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტის შემდეგ სტადიონზე მინისტრის მოადგილე გაგზავნა.
მედიაში გავრცელდა საუბრის ვიდეოჩანაწერიც, სადაც ჩანს მინისტრი ჩიფთჩი და ისმის ასევე სულხან თამაზაშვილისა და თარჯიმნის ხმა.
„ბატონი მინისტრი ამბობს, რომ ამ კადრებს თურმე თურქეთშიც აჩვენებენ ამ წუთში და ძალიან დიდი რეაქცია გამოიწვია ქვეყანაში. აი, განსაკუთრებით იმან, პალესტინის დროშას ხელიდან რომ ართმევენ.
ძალიან გვინდა გთხოვოთ ჩვენს კოლეგებს საქართველოში, ისინი იქ სტუმრად არიან საქართველოში და შეძლებისდაგვარად კარგად მოეპყრონ და კარგად დასრულდეს ეს მატჩი და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, - ამბობს თურქეთის შს მინისტრი.
სულხან თამაზაშვილი კოლეგას პასუხობს:
„რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. კოლეგას უთხარით, რომ სწორედ ამიტომ მყავს იქ პირადად ჩემი მოადგილე მივლენილი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაწყნაროთ და პოლიციური ძალების გამოყენება არ დასჭირდეს. თუმცა კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ სპორტულ ქომაგებს ეს აგრესია და გადაჭარბებული ემოციები, ცნობილია ყველასთვის, რომ აქვთ. და შესაბამისად ვიყენებთ ისეთ ძალას, რომელიც დაგვჭირდება მინიმალურად ამ აგრესიის მართვისთვის“, - ამბობს ის.
შეგახსენებთ, მანამდე თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის მიმდინარეობისას, ტრიბუნებზე მომხდარი ინციდენტის გამო შეხვედრა 25-ე წუთზე შეწყდა. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე გულშემატკივრების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. მატჩი მოგვიანებით განახლდა.