აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას მან დიდი დრო დაუთმო საუბარს იმის შესახებ, რომ პუტინმა ევროპაში სხვადასხვა ტერიტორიაზე სამხედრო აგრესია უნდა შეწყვიტოს, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა სწრაფად გახდეს შესაძლებელი. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრისას დიდი დრო დავუთმე იმის განხილვას, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს პრეზიდენტი პუტინი ყოველგვარ სამხედრო აგრესიას მთელი ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგება, თანაც სწრაფად
მტკიცედ მჯერა, რომ ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. ყოველთვიურად ათასობით ადამიანი იღუპება – ეს სრული სისხლისღვრაა! შეთანხმების მიღწევა კი ყველასთვის დიდი პატივის მიგება იქნება!
ჩემთვის პატივი იყო, გუშინ საღამოს, მარა-ლაგოში, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შევხვედროდი. ჩვენ არაერთი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, გავაცანი მას პუტინთან ჩემი მოლაპარაკებების დეტალები", - წერს ტრამპი.
მანამდე ტრამპმა სოციალურ ქსელში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.
"შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განხილვის მთავარი თემები რუსეთ-უკრაინის ომი და ირანში მიმდინარე კონფლიქტი იყო. ასევე განიხილეს ის უპრეცედენტო შედეგები, რომლებსაც აშშ-მა და ნატომ ერთობლივად მიაღწიეს ჰააგისა და ანკარის სამიტებზე.
ვრცლად ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთმა და უკრაინამ თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, განზრახ ან უნებლიეთ, ომის გაფართოება გამოიწვიოს. ასევე ხაზი გავუსვით ომის რაც შეიძლება სწრაფად მშვიდობიანი გზით დასრულების მნიშვნელობას.
დაბოლოს, განვიხილეთ თავდაცვის ხარჯები და თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციები როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ნატო-ს მასშტაბით.
ნატო-ს წარმომადგენლებს გავაცანი ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ, რომელსაც ჩვენი თავდაცვის კომპანიები 20-ზე მეტ ახალ საწარმოში აღწევენ, რომელთა მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.
ამ კომპანიების მთავარი ამოცანაა Patriot-ის, THAAD-ის სისტემების, Tomahawk-ის რაკეტებისა და მრავალი ახალი შეტევითი და თავდაცვითი შეიარაღების წარმოება, რომელთა შესახებაც საზოგადოებასა და სხვა ქვეყნებს ჯერ არ სმენიათ.
შეერთებულ შტატებს სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა არასდროს უწარმოებია იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ახლა აწარმოებს. ჩვენი „საწყობები“ მალე სრულად შეივსება და ამის შემდეგ ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ"- აღნიშნულია განცხადებაში.