ევროკავშირმა რუსეთის ოფიციალურ პირებს, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას გერმანული სააგენტო DPA ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სანქციები დაუწესდათ:
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრ ბასტრიკინს;
რუსეთის გვარდიის დირექტორს ვიქტორ ზოლოტოვს;
გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს;
სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორს ალექსანდრ კალაშნიკოვს.
სულ ცოტა ხანში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება იმ პირთა სია, რომელთაც სანქციები დაუწესდათ.
სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და გაიყინება მათი აქტივები.
რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 22 თებერვალს შეთანხმდნენ.
25 თებერვალს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურა, რომ რუსეთის წინააღდეგ სანქციებს ევროკავშირის საბჭოც დათანხმდა.