რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ცოტა ხნის წინ გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა "შერემეტევოს" აეროპორტში პასპორტ-კონტროლის გავლის დროს დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო უწყებები ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ედავებიან და მისი პატიმრობით შეცვლას ითხოვენ.
თვითმფრინავი, რომლითაც კრემლის ყველაზე მძაფრი კრიტიკოსი, რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი მგზავრობდა, გეზის ცვლილების შემდეგ, მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში დაფრინდა.
თავდაპირველად, თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტს უნდა მიეღო, მაგრამ აეროპორტი დაიხურა შემომავალი ხომალდებისთვის. ამიტომაც თვითმფრინავმა გეზი შერემეტევოსკენ აიღო.
ვნუკოვოს აეროპორტში ნავალნის მხარდამჭერები ელოდნენ. რამდენიმე მათგანი რუსეთის პოლიციამ დააკავა, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლები, ლიუბოვ სობოლი და რუსლან შავედინოვი. დაკავების მიზეზები უცნობია.
ალექსი ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების განზრახვის შესახებ 13 იანვარს განაცხადა.
12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა.
ნავალნის პირობითი სასჯელი და გამოსაცდელი ვადა „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა შეფარდებული.
ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი "აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს" და დასძინა, რომ "რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ ნდომოდათ, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ".