რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ ის რუსეთში დაბრუნდება 17 იანვარს. შესაბამისი ჩანაწერი მან გააკეთა ოთხშაბათს, 13 იანვარს, Telegram-სა და Twitter-ში.
"17 იანვარს, კვირას, სახლში დავბრუნდები ავიაკომპანია "პაბედის" რეისით. დამხვდით", - დაწერა ნავალნიმ.
რუს ოპოზიციონერს არ დაუკონკრეტებია თუ გერმანიის რომელი ქალაქიდან გაფრინდება რუსეთში, თუმცა ავიაკომპანიის ვებგვერდიდან ირკვევა, რომ 17 იანვარს რეისი დაგეგმილია ბერლინიდან მოსკოვში.
ალექსეი ნავალნის თქმით, რომელიც მისი მოწამვლის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოდან რეაბილიტაციის კურსს გერმანიაში გადის, მისთვის არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ სამშობლოში დაბრუნება.
12 იანვარს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა.
ნავალნის პირობითი სასჯელი და გამოსაცდელი ვადა „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა შეფარდებული.
ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი "აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს" და დასძინა, რომ "რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ ნდომოდათ, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ".