რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტური გამოძიების კორიფეებმა The Insider, Bellingcat და Der Spiegel-მა რუსული სპეცსამსახურის იმ თანამშრომელთა ვინაობა დაადგინეს, ვინც ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. როგორც ირკვევა, ტომსკში მომხდარი მოწამვლის ფაქტი, ნავალნის მკვლელობის უკვე მეორე მცდელობა იყო. ორი თვით ადრე, "ეფ-ეს-ბე"-ს თანამშრომლებმა ოპოზიციონერის მოწამვლა კალინინგრადშიც სცადეს, რა დროსაც, სიკვდილს სასწაულებრივად მისი მეუღლე - იულია ნავალნი გადაურჩა. პუტინის საძულველი ოპოზიციონერის ლიკვიდაციის მცდელობის საქმეში საკვანძო როლი "ეფ-ეს-ბე"-ს კრიმინალისტიკის ინსტიტუტის სპეციალიზებული დანაყოფმა ითამაშა.
ჟურნალისტმა გამომძიებლებმა სატელეფონო ზარების მეტა მონაცემების და მონაცემთა ბაზების ე.წ "ოფლაინ"-ის ანალიზი გააკეთეს, ასევე შეადარეს მონაცემები ღია წყაროებიდან. მათ "ეფ-ეს-ბე"-ს კრიმინალისტიკური ინსტიტუტთან დაკავშირებული იმ 15 პირის ვინაობა დაადგინეს, რომლებიც ამ და სხვა დანაშაულებრივ ოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობას. მინიმუმ 8 მათგანი, ჯგუფის ხელმძღვანელის-პოლკოვნიკ სტანისლავ მაკშაკოვის ჩათვლით, ნავალნის ლიკვიდაციის მცდელობასთან არიან უშუალო კავშირში. ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს სხვადასხვა წარსული აქვთ-ზოგ მათგანს სამედიცინო განათლება გააჩნია, ზოგმა კარიერა არმიაში შექმნა, ზოგიერთი "ეფ-ეს-ბე"-ს სპეცრაზმში მსახურობს, ზოგიც კი ქიმიური იარაღის სპეციალისტია.
The Insider, Bellingcat და Der Spiegel-მა, ყველა მათგანის მაიდენტიფიცირებული ფოტო სურათი, მოკლე ბიოგრაფიული ცნობები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოაქვეყნეს.
"ეფ-ეს-ბე"-ს კრიმინალისტიკის ინსტიტუტი (НИИ-2) 1977 წელს შეიქმნა როგორც "კაგებე"-ს მაღალტექნოლოგიური საგამოძიებო დანაყოფი, რომელსაც სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევა შეეძლო - დაწყებული პოლიგრაფზე შემოწმებით და რობოტიზირებული განაღმვით დასრულებული. НИИ-2-ის ოფიციალურ საქმიანობად ექსპერტიზების ჩატარება ითვლება, თუმცა არა ერთი ცნობა არსებობს იმის თაობაზე, რომ ინსტიტუტს საიდუმლო ლაბორატორია გააჩნია, რომელშიც საბჭოთა დროში მომწამვლელი ნივთიერებები იქმნებოდა. მათ დასავლელი დიპლომატების, უკრაინელი ნაციონალისტების და საბჭოთა დისიდენტების ლიკვიდაციისთვის იყენებდნენ.
ამ ლაბორატორიაში შექმნილი ერთ-ერთი სპეციალური ტყვიით, რომელიც რიცინით იყო გაჯერებული, ბულგარელი მწერალი-ემიგრანტი მარკოვი, 1979 წელს, ლონდონში მოკლეს. ასევე, The Insider, Bellingcat და Der Spiegel-ის სტატიაში იმაზეცაა საუბარი, რომ სწორედ ალექსანდრე ლიტვინენკოს 2006 წელს, ლონდონში მომხდარი მკვლელობა სწორედ ამ ინსტიტუტიდან გატანილი პოლონიუმით მოხდა.
ინსტიტუტი მკაცრად დაცულ რამდენიმე კომპლექსშია განთავსებული, ხოლო ინსტიტუტის დირექტორია ინჟინერ-ქიმიკოსი, გენერალი კირილ ვასილიევი. რაც ძალიან საინტერესოა, ის მონაწილეობას იღებს იმ სამეცნიერო ცენტრ "სიგნალის" კვლევებში, რომელიც გამომძიებელ-ჟურნალისტებმა წინა ხმაურიანი პუბლიკაცია მიუძღვნეს. ეს სამეცნიერო ცენტრი კი "ნოვიჩოკის" კვლევის და შექმნის საკითხში, განახლებულ რუსულ საიდუმლო პროგრამაში, საკვანძო ადგილს წარმოადგენს.
რაც შეეხება უშუალოდ ნავალნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს- გამოძიებიდან ირკვევა, რომ "ეფ-ეს-ბე"-ს ამ ჯგუფმა ოპოზიციონერის თვალთვალი ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო, მას მერე რაც ნავალნიმ რუსეთის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება დააპირა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მან რეგიონებში 20-ზე მეტი შეხვედრა გამართა. ეს ჯგუფი მას დაყვებოდა ყველგან, სადაც ის ერთ დღეზე მეტ ხანს რჩებოდა. სულ კი "ეფ-ეს-ბე"-ს თანამშრომლებმა 47-ზე მეტჯერ იმგზავრეს იგივე მიმართულებებზე.
ჯგუფის წევრები როგორც წესი 2-3 კაციან ჯგუფებად, სხვადასხვა რეისებით მგზავრობდნენ, ხშირად ჯგუფის წევრების შემადგენლობას ურევდნენ, ხანდახან კი მოსკოვიდან ერთი ვინაობით მიფრინავდნენ, ხოლო უკანა ბილეთს სხვა სახელით ყიდულობდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი თითქმის არასოდეს მგზავრობდნენ იმავე რეისით, რომლითაც ნავალნი, არამედ ყიდულობდნენ პარალელური რეისების ბილეთებს, ხანდახან წინა დღესაც კი. ასეთი "modus operandi" -ს იმისთვის იყენებდნენ, რომ ნავალნის ან მისი გუნდის წევრებს სხვადასხვა რეისებზე ერთი და იგივე ადამიანები არ შეემჩნიათ. ხოლო მაშინ, როცა 2017 წელს რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციამ ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრა, მასზე თვალთვალი დროებით შეწყდა. სატელეფონო საუბრების ბილინგი აჩვენებს, რომ სამეცნიერო ცენტრ "სიგნალსა" და "ეფ-ეს-ბე"-ს თანამშრომლებს შორის ურთიერთობა, ტომსკში, ნავალნის მოწამვლამდე ორი თვით ადრე მკვეთრად გააქტიურდა.
The Insider, Bellingcat და Der Spiegel-ის მიერ მოპოვებული, ოქროს ფასის მქონე მონაცემების წყალობით, გამოძიებაში დეტალურად არის აღწერილი ამ პირების გადაადგილებების მარშრუტები, წუთობრივად ის ადგილები, სადაც ისინი ჩერდებოდნენ, ვინ ვისთან რამდენი წუთის თუ წამის განმავლობაში რეკავდა და სხვა. ეს მონაცემები არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს იმაზე, თუ რა ხერხით იყო მომწამვლელი ნივთიერება შეყვანილი ნავალნის სხეულში. თუმცა, ეს ინფორმაცია კარგად იკვეთება The Insider-ის ჰიპოთეზასთან იმის თაობაზე, რომ "ნოვიჩოკი" ნავალნის საცვლებზე მას მერე დაიტანეს რაც, მან ტანსაცმელი სასტუმროს სამრეცხაოში ჩააბარა. ეს ტანსაცმელი უკან-ნომერში მაშინ დააბრუნეს, როცა ნავალნი საბანაოდ იყო შესული.
როგორც ცნობილია, ტომსკიდან გაფრენისთანავე-დაახლოებით 30 წუთში, ნავალნიმ გონება დაკარგა. პილოტმა თვითმფრინავი უახლოეს აეროპორტში-ომსკში დასვა, აეროპორტშივე, სასწრაფო დახმარების ექიმებმა, ნავალნის სიმპტომების შეფასებისას, მას ატროპინი შეუყვანეს. გერმანელი მედიკოსების შეფასებით, სწორედ ამან გადაარჩინა ნავალნი.
The Insider, Bellingcat და Der Spiegel-ის სტატიაში ნათქვამია, რომ მომხდარიდან რამდენიმე საათში, "ეფ-ეს-ბე"-ს აღნიშნული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ტაიაკინი მოსკოვიდან გორნო-ალტაისკში გაემგზავრა, გზა და გზა კი თავის უფროსობას ეკონტაქტებოდა. ეს პატარა ქალაქი ტომსკის მახლობლად მდებარეობს, მის სიახლოვეს კი ქიმიურ-ენერგეტიკული ტექნოლოგიების ინსტიტუტია, რომელსაც ახლო საქმიანი კავშირი აქვს "ეფ-ეს-ბე"-ს კრიმინალისტიკის ინსტიტუტთან. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი გამოგონება ქიმიური იარაღის კვალის განადგურების ხერხებს ეხება.
ნავალნიზე "მიმაგრებული" სპეცსამსახურის თანამშრომლები ალექსანდროვი, ოსიპოვი და პანიაევიც ამ ქალაქში იყვნენ და სავარაუდოდ, სწორედ იქ მოახდინეს იმ თავისი ტანსაცმლის განადგურება, რომელზეც შესაძლოა "ნოვიჩოკის" კვალი იყო დარჩენილი. 24 აგვისტოს სამივე მათგანი გორნო-ალტაისკიდან მოსკოვში თვითმფრინავით დაბრუდა. ხოლო, 25 აგვისტოს, მათი კოლეგა- ქიმიური იარაღის კვალიფიციური სპეციალისტი კუდრიავცევი მოსკოვიდან ომსკში გაფრინდა. მან ამ ქალაქში, რომლის საავადმყოფოშიც ნავალნი დააწვინეს, 10 საათი დაჰყო და უკან მოსკოვში ღამით დაბრუნდა. ამ დროს ნავალნი უკვე გერმანიაში ჰყავდათ გადაყვანილი, სამაგიეროდ მისი ტანსაცმელი ჯერ კიდევ ომსკის კლინიკაში რჩებოდა. საინტერესოა, რომ ამ დღემდე, რუსეთის ხელისუფლება არ პასუხობს ნავალნის კითხვაზე, თუ სად არის მისი ტანსაცმელი და რატომ არ უბრუნებენ, თუ კი ოფიციალურად არანაირი მოწამვლის ფაქტი არ ყოფილა.
კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც საინტერესოა ჩვენი მკითხველისთვისაც-The Insider, Bellingcat და Der Spiegel-ის გამოძიებაში ნათქვამია, რომ ნავალნის მოწამვლაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიხაილ შვეცი ("სტეპანოვი"), რომლის ჩაწერის მისამართია -"ბალაშიხა, ტრუბეცკაიას ქუჩა, 116". ეს "ეფ-ეს-ბე"-ს ცენტრალური ოპერაციების ცენტრის მისამართია. სწორედ ამ ბაზაზე გადიოდა წვრთნას ვადიმ კრასიკოვი (სოკოლოვი), სანამ გერმანიაში გაემგზავრა და შემდეგ ბერლინში, 2019 წელს ზელიმხან ხანგოშვილს მოკლა. კიდევ ერთი ფიგურანტი ვლადიმერ პანიაევი კი ცხოვრობს იმავე სახლში, სადაც ალექსეი ნავალნი. მისი რეგისტრაციის ადგილი მხოლოდ ნავალნის მოწამვლის შემდეგ შეიცვალა და ახლა ის ლუბიანკაზე, "ეფ-ეს-ბე"-ს შტაბ-ბინაშია ჩაწერილი.
დღემდე, რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს ნავალნის მოწამვლასთან. საერთოდაც ამბობენ რომ ის მოწამლულიც არ ყოფილა, ამიტომ გამოძიების დაწყებაც კი არ ჩათვალეს საჭიროდ. ვლადიმერ პუტინი უფრო შორს წავიდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ნავალნიმ ყველაფერი მოიგონა, თუმცა გერმანიის წამყვანი კლინიკა "შარიტე" და უშუალოდ ევროპელი ლიდერებიც თუ ფანტაზიორები ყოფილან, ეს აღარ დაუკონკრეტებია. ფაქტია, რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩადენილი მორიგი დანაშაული ჩაფლავდა, კრემლის კრიტიკოსი გადარჩა და დასავლეთი ახლა იმაზე მუშაობს, რომ კრემლი ამ საქმიდან "მშრალი არ გამოვიდეს" -რუსეთის ხელისუფლებას, საგარეო ასპარეზზე სანქციებით დახუნძლული მძიმე 2021 წელი ელის. მით უფრო, რომ დიდი ალბათობით, The Insider, Bellingcat და Der Spiegel-ს მსოფლიო მედია სივრცეს კრემლის მამხილებელი კიდევ ერთი არა ერთი ჟურნალისტური გამოძიებით "ააფეთქებენ".
ნინო გორდელაძე