შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის ოფიციალურ პირებს სანქციები კანადამაც დაუწესა.
"რუსეთში ადამიანის უფლებათა უხეში და სისტემური დარღვევების პასუხად, 2021 წლის 24 მარტიდან კანადა აწესებს სანქციებს რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ", - ნათქვამია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.
კანადამ პერსონალური სანქციები დაუწესა:
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს სერგეი კირიენკოს;
ფედერალური უსაფრთხოების საბჭოს დირექტორს ალექსანდრ ბორტნიკოვს;
თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს ალექსეი კრივორუჩკოსა და პაველ პოპოვს;
რუსეთის ფედერაციის პენიტენციური სამსახურის დირექტორს ალექსანდრ კალაშნიკოვს;
რუსეთის გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს;
რუსეთის პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის სამმართველოს უფროსს ანდრეი იარინს;
რუსეთის გვარდიის დირექტორს ვიქტორ ზოლოტოვს;
პრეზიდენტის წარმომადგენელს ციმბირის ფედერალურ ოლქში სერგეი მენიაილოს.
სანქცირებულთა სიაში მყოფი პირების აქტივები კანადაში გაიყინება, კანადის მოქალაქეებს კი მათთან საქმიანობის დაწყება და ურთიერთობა აეკრძალებათ. გარდა ამისა, რუს მაღალჩინოსმენს აეკრძალათ კანადის ტერიტორიაზე შესვლა.
მანამდე რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა.