შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სიღნაღის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. სამსართულიანი შენობის არქიტექტურა ქალაქის იერსახის შესაბამისია და სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს. აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს 20 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად და მოსასვენებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი. ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ სიღნაღში სახანძრო-სამაშველო შენობა 1998 წლის შემდეგ არ არსებობდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი განყოფილება წლების განმავლობაში სხვადასხვა დანიშნულების შენობებში იყო განთავსებული.
ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სიღნაღის სამმართველოს ავტოპარკს ახალი, "Mitsubishi"-ს მარკის სამაშველო ავტომობილი გადასცა. 2020 წლის დასაწყისში დაგეგმილია სიღნაღისთვის უახლესი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, "Magirus"-ის მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანის გადაცემა.