თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ.ჩ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 ივნისს, ქ.თბილისში ცოტნე დადიანის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ლ.ჩ.-მ, შურისძიების მოტივით, დ.გ.-ს ხის ძელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დ.გ. მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ლ.ჩ. იმავე დღეს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ჩ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.