დღეს, 25 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაში, აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისისა და ქვემო ქართლის რეგიონულ ბიუროებში არსებული 65 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, აღმასრულებელთა შესარჩევ კონკურსს გამართავს.
კონკურსი ტესტირებული ფორმით ჩატარდება. ტესტები 100-ქულიანია და მოიცავს კითხვებს საქართველოს კანონმდებლობიდან და ზოგადი უნარ-ჩვევებიდან.
კონკურსის პირველი ეტაპის გადასალახად, კონკურსანტებს, მინიმუმ 75 ქულის დაგროვება სჭირდებათ, რის შემდეგაც მათ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, კონკურსის მეორე, გასაუბრების ეტაპის გავლა მოუწევთ.
კონკურსს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ატარებს. მის მსვლელობას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლადო ქარქაშაძე და ბიუროს სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
კონკურსში მონაწილეობას იურიდიული განათლების მქონე 200 პირი მიიღებს. კონკურსანტების ასაკი 21-65 წლით განისაზღვრება. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები 26 იანვარს გამოცხადდება.