პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სასტუმრო „შერატონს“ სთხოვს გადასცენ პარტიის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის კადრები. პარტიის წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოცნება“ მალავს თავდამსხმელებს და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ცდილობს მათ მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას საზოგადოებაში. სიჭინავას განცხადებით, ხედავენ რისკებს ვიდეო მტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით.
„კოჭლ რეჟიმს და ამ დანაშაულში თანამონაწილე ლაჩრებს იმის უნარიც და გამბედაობაც არ აქვთ აღიარონ რომ ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან თვითონ დგანან. თუმცა დე ფაქტო პრემიერისა და სხვა დე ფაქტო თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული, რასაც საგანგებოდ იღებდნენ. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობას და ყოველწუთიერად აჩენს რისკებს ვიდეო მტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა დე ფაქტო პრემიერმინისტრი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ. ამიტომ სასტუმრო შერატონისგან ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეო კადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით“, – თქვა სიჭინავამ.