წელს არის შანსი, ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერით დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
პოლონელი ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა 2025 წელს ომის დასრულების შანსი, ზელენსკიმ დადებითად უპასუხა: „დიახ, არსებობს“.
"ტრამპს ძალიან სურს ომის დასრულება... მას შეუძლია რუსეთზე ზეწოლა. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს ეშინია ამერიკისა და ჩინეთის... ტრამპს შეუძლია აიძულოს [რუსეთი შეაჩეროს ომი].
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ტრამპთან, რომ არსებობს უკრაინის უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები და მან უნდა აიძულოს პუტინი ჩაერთოს დიპლომატიაში ამ ომის დასასრულებლად“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპმა უნდა შესთავაზოს უკრაინას უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები, რომლებიც სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ სიგნალი იქნება რუსეთისთვის, რომ უკრაინელები შეძლებენ დაიცვან საკუთარი თავი და სხვა ქვეყნები, თუ პუტინი დაბრუნდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას ჰყავს ისეთი ძლიერი პარტნიორი, როგორიც არის შეერთებული შტატები, ისევე როგორც ევროკავშირი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი იარაღის წარმოება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო უნდა გაზარდოს იარაღის წარმოება „თავისთვის“, რათა რუსებმა გააცნობიერონ, რომ ევროპას აქვს საკუთარი თავის დაცვის საშუალებები და ამით შესაძლებელი იქნება „პუტინის ხელში ჩარტყმა“.