4 აგვისტოს ჩინეთი არმიამ, ტაივანის გარშემო, დაიწყო მანამდე დაანონსებული მასშტაბური სამხედრო-საჰაერო-საზღვაო წვრთნები, კუნძულზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ.
ჩინეთის არმიის ცნობით, სამხედრო წვრთნები 7 აგვისტომდე გასტანს. მათივე ინფორმაციით, წვრთნების ფარგლებში, ტაივანის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელდა საბრძოლო გასროლები.
თავის მხრივ, ტაივანის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამხედროები აძლიერებენ საბრძოლო მზადყოფნას და სათანადო რეაგირებას მოახდენენ ტაივანის სრუტეში არსებულ ვითარებაზე.
Reuters-ის ცნობით, ტაივანში განლაგებულია სარაკეტო სისტემები, რათა თვალყური ადევნონ ჩინეთის საჰაერო ძალების მოქმედებებს, ხოლო ტაივანის ფლოტის ხომალდები აკონტროლებენ ჩინეთის საზღვაო ძალების მოქმედებებს.
ამ ფონზე განცხადება გაავრცელა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციამ (ASEAN) და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ტაივანის სრუტეში დაძაბულობამ შეიძლება გამოიწვიოს "ღია კონფლიქტები დიდ სახელმწიფოებს შორის და არაპროგნოზირებადი შედეგები".
"ASEAN მზადაა შეასრულოს კონსტრუქციული როლი ყველა მხარეს შორის მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის", - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში. ამავე დროს, წევრი მოუწოდებს მხარეებს გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.
მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა დაგმო ჩინეთის გეგმები ტაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ.
"არ არსებობს მიზეზი, რომ [ნენსი პელოსის] ვიზიტი ტაივანის სრუტეში აგრესიული სამხედრო მოქმედებების საბაბად იქნეს გამოყენებული. ჩვენი ქვეყნების კანონმდებლებისთვის საერთაშორისო მოგზაურობები ჩვეულებრივი რამ არის“, - დაწერა მან Twitter-ზე.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის წინააღმდეგობისა და მუქარების მიუხედავად, ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში სპიკერი პელოსი შეხვდა ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს და სიტყვით მიმართა პარლამენტს.
ნენსი პელოსი ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც კუნძულს ესტუმრა.
ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო ჩინეთი მას განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას. 2021 წლის ოქტომბერში ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანის ჩინეთთან შეერთება აუცილებლად განხორციელდება, თუნდაც სამხედრო გზით. საპასუხოდ, ტაივანმა განაცხადა, რომ თავს არ დაუხრის ჩინეთის ზეწოლას.