შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის მწვავე გაფრთხილების მიუხედავად, ტაივანში ჩავიდა. იტყობინება Associated Press-ი.
ნენსი პელოსი გახდა ამერიკის ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანს ეწვია.
როგორც იუწყებიან, ნენსი პელოსი კონგრესის დელეგაციასთან ერთად, ერთ დღეს დაჰყოფს ტაივანში, სადაც კუნძულის ოფიციალურ პირებს შეხვდება.
ვიზიტის დაწყების კვალდაკვალ ნენსი პელოსიმ "ტვიტერში" განცხადება გამოაქვეყნა.
"ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ტაივანში ცხადჰყოფს ამერიკის ურყევ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ტაივანის მტკიცე დემოკრატიას.
ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას პარტნიორების მიმართ და ხელს უწყობს ჩვენს საერთო ინტერესებს, მათ შორის თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლას.
ჩვენი ვიზიტი არანაირად არ ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას, რომლითაც ის ხელმძღვანელობს 1979 წლიდან", - წერს პელოსი.
პელოსის ტაივანში ვიზიტს ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რომელიც კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. ჩინეთის სოციალურ მედიაში გავრცელდა მოწოდებები პელოსის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, თუ ის ტაივანის საჰაერო სივრცეში მოხვდებოდა.
რამდენიმე საათის წინ, ჩინეთმა განაცხადა, რომ მისი სამხედროები "ხელებდაკრეფილი არ ისხდებიან", თუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავა.
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 28 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააფრთხილა პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის გამო. "ცეცხლს ვინც ეთამაშება, თავს დაიწვავს", - უთხრა ძინპინმა ბაიდენს.
მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტს, "მკაცრი პასუხები მოჰყვება".
როგორც იუწყებიან, პენტაგონს უკვე აქვს შემუშავებული გეგმა, რომელიც პელოსის ტაივანზე ვიზიტის დროს, ამერიკელი მაღალჩინოსნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.