შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს შეხვდა.
პრეზიდენტმა ცაიმ მადლობა გადაუხადა პელოსს "ურყევი მხარდაჭერისთვის".
"სპიკერ პელოსის ხანგრძლივი და ღრმა კავშირები აქვს ტაივანთან... ქალბატონო სპიკერო, მსურს ღრმა მადლიერება გამოვხატო თქვენდამი", თქვა მან.
პრეზიდენტმა პელოსის "ტაივანის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მეგობარი" უწოდა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტაივანის პრეზიდენტმა რუსეთის უკრაინაში შეჭრასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ აგრესიამ განსაკუთრებით საყურადღებო გახადა ტაივანის სრუტეში უსაფრთხოების საკითხი.
"დემოკრატიული ტაივანის წინააღმდეგ აგრესიას უდიდესი გავლენა ექნება მთელი ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოებაზე. ტაივანი უკან არ დაიხევს. ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს და გავაგრძელებთ თავდაცვის ხაზის დაცვას ჩვენი გლობალური უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა მან.
თავის მხრივ, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს მიატოვებს ტაივანს.
"დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც ვამაყობ, ტაივანში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ცალსახად განემარტა, ჩვენ არ დავივიწყებთ ტაივანის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით. ახლა, როგორც არასდროს, ტაივანის მიმართ ამერიკის სოლიდარობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. და ეს სწორედ ის გზავნილია, რაც აქ ჩამოვიტანეთ", - განაცხადა ნენსი პელოსიმ.
ამავდროულად, ტაივანის პრეზიდენტმა ნენსი პელოსის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო გადასცა. პრეზიდენტი ცაის განცხადებით, ამ ჯილდოთი მას სურს მადლობა გადაუხადოს სპიკერს და აშშ-ს ტაივანის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ნენსი პელოსიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ჯილდოსთვის და ტაივანს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება უწოდა.
"ჩვენ ძალიან ვამაყობთ თქვენი ლიდერობით; თქვენ ხართ ქალი პრეზიდენტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ საზოგადოებაში. დიდი აღფრთოვანებით და პირადი თავმდაბლობით ვიღებ ამ ჯილდოს", - თქვა პელოსიმ.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის წინააღგმდეგობის მიუხედავად, ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. ნენსი პელოსი ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც კუნძულს ესტუმრა.
ტაივანში ნენსი პელოსის ჩასვლის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის გამოსაცხადებლად დაიბარა აშშ-ის ელჩი პეკინში, ნიკოლას ბერნსი.