ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აცხადებს, რომ ტაივანის ჩინეთთან მშვიდობიანი შემოერთება უნდა დასრულდეს. მან ეს განცხადება ჩინეთის 1911 წლის რევოლუციის 110-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
1911 წელს დაემხო ჩინეთის უკანასკნელი იმპერიული დინასტია.
ჩინეთის ლიდერის განცხადებით, "მშვიდობიანი გზით გაერთიანება"ყველაზე მეტად შეესაბამება ჩინელი ერისა და მათ შორის ტაივანელი თანამემამულეების საერთო ინტერესებს".
"სამშობლოს სრული გაერთიანების ისტორიული ამოცანა უნდა შესრულდეს და აუცილებლად შესრულდება", - თქვა მან.
ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანის ჩინეთთან გაერთიანება მშვიდობიანად უნდა განხორციელდეს, თუმცა დასძინა, რომ ჩინელ ერს სეპარატიზმის წინააღდეგ ბრძოლის "ბრწყინვალე ტრადიცია" აქვს.
ძინპინის საპასუხოდ, ტაივანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალი მისი ხალხის ხელშია და პეკინი "კუნთების თამაშში" დაადანაშაულა.
ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ თვლის, ხოლო ჩინეთი მას განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას.
პეკინი არ გამორიცხავს ძალის შესაძლო გამოყენებას გაერთიანების მისაღწევად.
ჩინეთის ლიდერის განცხადებას წინ უსწრებდა, ბოლო დღეების განმავლობაში, პეკინის მიერ საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში რეკორდული რაოდენობის თვითმფრინავების გაგგზავნა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პეკინის ეს ნაბიჯი წარმოადგენს გაფრთხილებას ტაივანის ხელისუფლებისთვის, რომელიც კუნძულის ეროვნული დღესასწაულისთვის ემზადება.
ტაივანის თავდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო 40 წლის განმავლობაში, ჩინეთთან დაძაბულობამ პიკს მიაღწია.