საზოგადოება, რომელიც ამ რაოდენობის სინდისის პატიმრების, ამგვარი მიზეზებით, ასე ძვირფასი რესურსის მქონე ადამიანების ციხეში გამომწყვდევის ფონზე, მაინც ახერხებს ცხოვრების მშვიდად გაგრძელებას საინტერესოა, რა ღირებულება ამოძრავებს, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი წერს.
ის ეხმიანება, რუსთაველის გამზირზე დიპლომატ გიორგი წიქარიშვილის დაკავებას.
"დღეს გიორგიც წიქარიშვილის დაბადების დღეა. გაღვიძებისთანავე ინფორმაციებით გავიგე, გუშინ ისიც დაუკავებიათ. ჩემი ყოფილი სტუდენტი, ჩემი კოლეგა, წესიერი, გულწრფელი პატრიოტი დიპლომატი. ვიდრე სამსახურიდან დაითხოვდნენ ნატოს დეპარტამენტში მუშაობდა, მანამდე იყო რამდენიმე მისიაში, საფრანგეთში, რუმინეთსა თუ დიდ ბრიტანეთში, მრჩეველი, კონსული. კარგი ბიჭი, პრინციპული და ღირებულებების ერთგული. თურმე ხაზს იქით გადასცდენია ფეხი და დააკავეს.
რაც არ უნდა თავად მშვიდს, მშვიდობა გინდოდეს ქვეყანაშიც და სამყაროშიც, აუტანელი, ვერგასაძლები ხდება შენს გარშემო ვითარება.
საზოგადოება, რომელიც ამ რაოდენობის სინდისის პატიმრების, ამგვარი მიზეზებით, ასე ძვირფასი რესურსის მქონე ადამიანების ციხეში გამომწყვდევის ფონზე, მაინც ახერხებს ცხოვრების მშვიდად გაგრძელებას საინტერესოა, რა ღირებულება ამოძრავებს. ტელევიზორიდან მოისმენენ მორიგი დაკავებების ამბავს და უკვე საკუთარ თავთანაც კი ეშინიათ შეშფოთება (აღშფოთებას ვინღა ითხოვს) გამოხატონ. მოხურულ პლედს გაისწორებენ და მთავრობის წევრთა გაუგონარი კორუფციის შესახებ პანდორას ყუთიდან ახალ-ახალი ამბების მოსმენით გააგრძელებენ.
ვიდრე, ჯერ მათ კარზე არ მოუკაკუნებიათ.
შიშით, გაყურსვით კი თავისუფლება არავის მოუპოვებია. არც სულიერი სიმშვიდე, თუ სინდისი სადმე კიდევ ფეთქავს.
ცხადია, ნებისმიერი პატრიოტის დაპატიმრება მიმძიმებს გულს, მაგრამ შვილივით ახლობელი გიორგის დაპატიმრებამ (სუბიექტურად) განსაკუთრებულად იმოქმედა ჩემზე. დღეს იუბილეს ციხეში ხვდება.
სულ მეფიქრება, ემილ ზოლა რომ ცოცხალი იყოს და ის იყოს ქართველი – როგორ ჩამოაყალიბებდა სათქმელს თავის „ჟ’აკუზ“-ში, ვის და რაში დასდებდა ბრალს.
ნეტავ რა მოსდის სიმართლის თქმის სურვილს, როცა გეშინია. სიმართლე სახეს იცვლის? სხვა სიმართლედ გადაიქცევა? იმასთან როგორ ადაპტირდება, რაც მანამდე ტყუილი გეგონა?
მე ვინ ვარ, არც მწერალი და არც საზოგადო მოღვაწე. აგერ, წელიწადზე მეტია უბრალოდ გოჩა ვარ, არც მანამდე ვყოფილვარ ვინმესგან რაიმეთი გამორჩეული. მაგრამ დიდი სურვილი მაქვს სათქმელი როგორღაც ამოვღერღო, ჩემი სიმართლე ვთქვა, ყველას გასაგონად დავიღრიალო, თორემ უამისოდ ყოფა აუტანლად მძიმდება.
განა არ ვიცი, რომ ყველა ჩვენთაგანი საკუთარი ჭეშმარიტების კაიბჭესთან ათენ-აღამებს, ვიდრე ის გაეხსნება, მაგრამ ვფიქრობ, ყველამ უნდა თქვას, რა არის მისთვის სიმართლე.
მოქალაქეებო, მეგობრებო, ძმებო და დებო, ერთი და იგივე სამშობლო გვაქვს საპატრონოდ მობარებული. ვიცით დევი სად წევს და ვიცით რა უნდა. ბევრი ჩადგა დევის სამსახურში, ნებით თუ უნებლიედ, ზოგი შიშითა და ძრწოლით, ზოგიც შიშითვე შექმნილი სიყვარულითა და იმედით.
ნუთუ პოლიტიკური მიზნის მიღწევა შეუძლებელი იყო ისე, რომ ასეთ სავალალო დღეში არ ჩაგვეგდო ქვეყანა და საკუთარი ხალხი? განა ასე რთულია გამოხვიდე და საკუთარ ხალხს, რომლის ღრსებასა და სიამაყეზე მითებს ქმნი, ღირსებისვე განცდითა და დაცვით დაელაპარაკო, შეეცადო შენი სიმართლე გაუზიარო, დაარწმუნო: შვილო სცდები, აბა, მოდი მომისმინე და გეტყვი იმას, რაც იქნებ არ იცი და უნდა იცოდე. ცივი გულგრილობა წარმოშობს სწორედ დაუმორჩილებლობას და ამბოხს. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, მამამ რომ მოზარდ შვილს უსამართლოდ სილა გააწნას, რასაც მოზარდი მოიმოქმედებს, განა ყველაფერი მამის პასუხისმგებლობა არ იქნება?
მე არასოდეს ვყოფილვარ და არ ვარ რომელიმე პარტიის წევრი, კიდევ უფრო ნაკლებად იდეოლოგი: მე ამ ქვეყნის გულწრფელად გულშემატკივარი ქართველი მოქალაქე ვარ.
და დღეს ჩემი ერთადერთი ძალა სიტყვის თავისუფლებაა.
ხალხის ისტორიაში არის მომენტები, როდესაც დუმილი თანამონაწილეობად იქცევა.
როდესაც სამართლიანობა მერყეობს, როდესაც შიში მართავს სინდისს, როდესაც სიმართლე მედიის კუნჭულებში ან გამორთული ტელეფონების ფონზე კაფეების ჩურჩულში იმალება, გაბედულება უნდა ვიპოვოთ და ჩვენს სიმართლეზე ვისაუბროთ.
ჩვენ ერთ-ერთ ასეთ მომენტში ვართ. ჩვენი სამშობლო, დღეს რთულ ისტორიულ მეხსიერებას, წარსულის ჭრილობებსა და თავისუფლების, ღირსების განცდით ევროპული მომავლის იმედს შორის ცოცხლობს. ცხადია, ევროპაში გეოგრაფიულ საზღვრებს ან კონკრეტულ პოლიტიკურ კავშირს კი არა, იმ ღირებულებებს ვგულისხმობ, რომელიც დასავლურ ცივილიზაციადაა ჩამოყალიბებული.
მაგრამ მე ვხედავ საფრთხეს, რომელიც ომზე უფრო ვერაგია: ტყუილის, გულგრილობისა და სიმართლის უარყოფის საფრთხეს.
ჰოდა,
მე ვადანაშაულებ შიშისა და ტყუილის მთესველთ!
მე ვადანაშაულებ მათ, ვინც ერთგულება და მორჩილება ერთმანეთში აურია, პატრიოტიზმი კი სიძულვილთან, რწმენა ბატონობასთან გააიგივა.
მე ვადანაშაულებ ძალებს, რომლებიც ხალხის სახელით საუბრობენ, მაგრამ არასდროს უსმენენ მათ აზრს, მათ ტკივილს. არ ცდილობენ გაიგონ, რატომ იმეტებენ თავს ციხისა და დილეგისათვის, ეცადონ გაიგონ, განა რად უღირთ ასეთი სიმართლე ან სამშობლოს ერთგულება.
მე ვადანაშაულებ ციფ, უტიფარ, უსულგულო გულგრილობას საკუთარი შვილებისა და ხალხისადმი. შვილებს აღარ აქვთ განცდა, რომ მამა მისი დამცველი და ქომაგია, რომ თუნდაც სცდებოდეს შეეცდება საკუთარი ძალით, მკერდითა და ზურგით დაიცვას ხიფათისაგან, დაარიგოს, შეაგონოს.
ახალგაზრდებს უიმედობით განწირულის განცდა აქვთ მათი მხრიდან, ვინც მათ უნდა პატრონობდეს, მათზე ზრუნავდეს.
მე ვადანაშაულებ მოსამართლეებს, რომლებიც (რამდენიმე ბედნიერი გამონაკლისის გარდა) პოლიტიკური ქარის მიხედვით მსჯელობენ და ავიწყდებათ, რომ კანონი მაშინაა ძლიერი, როცა სამართლიანია.
მე ვადანაშაულებ მედიას, რომელიც სამართლიანი კითხვების დასმის ნაცვლად ხელისუფლების მაამებელ რიტორიკას იმეორებს.
მე ვადანაშაულებ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პარტიულ ინტერესს ერის ინტერესებზე წინ აყენებენ.
ასევე იმ პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო მოღვაწეებს, რომლებიც თავს მარადიულად თვლიან და ერთი ხელისუფლებიდან მეორეს ბანაკში უბრალოდ, უპრინციპოდ გადადიან.
არადა, სიმართლე უცვლელია ყველა დროში. სიმართლეს დროშა არ აქვს. სიმართლე მუდამ ხალხის წიაღშია და არასოდეს ხელისუფლების მხარეს, რადგან ხელისუფლება თავისი ბუნებით ბოროტი ცდუნებების მიმართ სუსტია, თავისუფლებების მზღუდავი.
ის, ვინც იცის სიმართლე, მაგრამ იტყუება, ძალაუფლებასთან მაამებლობს, უფრო მეტად ღალატობს მას, ვიდრე ის, ვინც მას აკრიტიკებს.
პოლიტიკოსებისგან ტყუილი ნიშნავს იმ ხალხის ღირსების უარყოფას, რომლის მსახურებასაც აცხადებენ.
მე ვადანაშაულებ საზოგადოებრივი აზრის გამხრწნილებს. ვხედავთ, ჩვენს თვალწინ როგორ აზრისგან იცლება კეთილშობილური სიტყვები : თავისუფლება, ევროპა, სუვერენიტეტი, ტრადიცია მნიშვნელობისგან გამოშიგნულ-გამოფიტული მორალური სიცარიელის დასაფარად სლოგანებადღა გამოიყენება.
ვხედავთ, როგორ გამოიყენება რწმენა ფარად, რომელიც საკუთარი შვილების წინააღმდეგ იარაღად გარდაიქმნება.
სამართლიანობას დაგვპირდნენ, მაგრამ შიში მოედო ქვეყანას.
დემოკრატიაზე საუბრობენ, მაგრამ გაქანებული აღებ-მიცემობა და ფეოდალური ბატონობაა ქვეყანაში.
სიმართლისადმი ერთგულებაზე ფიცებს დებენ, მაგრამ ტყუილს აჯილდოვებენ და ახალისებენ.
არა, საზოგადოებრივი დისკურსი არ უნდა იყოს ფარსი. ის მორალურ პასუხისმგებლობად უნდა დარჩეს. თუნდაც ხელისუფლების მომხრე ინტელექტუალებმა უნდა თქვან ის „რაღაც“, რაც არ მოსწონთ. შეუძლებელია ყველაფერი მოსწონდეთ. და ყველა მოქალაქემ, პროფესორიდან სტუდენტამდე, მღვდლიდან ჟურნალისტამდე, უნდა დაიცვას მართალი სიტყვა ისე, როგორც საკუთარ სახლს იცავს.
დიახ, მე ვადანაშაულებ ერის მოაზროვნე ელიტის გულგრილობას. ყველაზე დიდი საფრთხე ტირანი კი არა, ჩვევაში გამჯდარი გაყურსვაა, მზერის აცილებაა. „ეს ჩემი პრობლემა არ არის“-ს თქმის ჩვევად ქცევაა.
საკუთარი უმწეობა მტანჯავს. გამბედაობა სხვათა საქმე გახდა, სხვებს ვიმეტებთ თავგანწირვისთვის. მაგრამ ხალხი, რომელიც უსამართლობას შეეჩვია, აღარ არის თავისუფალი. ვეღარ ივარგებს თავისუფალი ქვეყნის მოქალაქედ. ისინი საკუთარი ისტორიის პასიური მაყურებლები ხდებიან.
ვიმეორებ, არასოდეს, არც ერთი ხალხი არასდროს გათავისუფლებულა შიშით, არამედ ყოველთვის სიმართლით და მისთვის ბრძოლით.
მე ვადანაშაულებ… ახალგაზრდობისადმი ზიზღს... იმ ქართველი ახალგაზრდებისადმი, ვინც თავისუფლებაზე, ევროპაზე, ღირსებაზე ოცნებობს. ვისაც ეს ევროპული ღირებულებები კბილებით ჭირავს პროტესტითა და შეუპოვრობით. ვინც მათ გულუბრყვილო უსამშობლოს უწოდებს, რადგან ისინი ახალგაზრდული ჟინით პოლიტიკურ ცინიზმს უარყოფენ. მათ მიმართ, ვისაც ეუბნებიან, რომ აქ აღარაა მათი ადგილი, რადგან ისე არ ფიქრობენ, როგორც დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას სურს.
მათ ვინც ქვეყნიდან მიდის, აღარ სჯერათ, რომ აქ მოუსმენენ. მათ ღალატში ადანაშაულებენ, რადგან მათ სხვაგვარად სუნთქვა სურთ.
ახალგაზრდები კი არ ღალატობენ ერს, ეს ძველი ტყუილები, დასმენები, რეპრესიები, სიძულვილის გაღვივება კლავს მას. არადა, თავისუფალი ახალგაზრდობის გარეშე, არცერთ ერს არ აქვს მომავალი.
მე ვადანაშაულებ… მორალურ დანებებას. ხშირად ამბობენ: „ასეა საქმე, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ.“ არა! არაფერია გარდაუვალი, არც კორუფცია, არც შიში და არც უსამართლობა. ისინი მხოლოდ მაშინ გადარჩებიან, როცა სინდისი დადუმებულია.
გამბედაობა პოლიტიკური სათნოება არ არის: ეს სამოქალაქო მოვალეობაა. სიმართლის დაცვა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებზე არ არის დამოკიდებული.
მე ვადანაშაულებ… უსამართლობას ყველა ფორმით, ყველას მიმართ.
სამართლიანობა მიღებული კანონების რაოდენობით არ იზომება, ყველა დიქტატურა საკუთარ ინტერესებზე მორგებულ კანონებს იღებდა მორჩილი უმრავლესობის წყალობით და კანონის სახელით, შემდეგ შიშითა და ძრწოლით განამტკიცებდა მას.
ჩვენ ჯერ არ ვართ დიქტატურაში, რაკი ამას ვწერ და ვამბობ, მაგრამ საფრთხე დიდია, ცდუნება ჰაერში ტრიალებს.
სამართლიანობის გარეშე კი სუვერენიტეტი მხოლოდ ცარიელი სიტყვაა. სიმართლე გვმართებს, მართალი საქართველოსთვის.
ჩვენ დღეს ეთიკური სუვერენიტეტი უფრო გვჭირდება, არა მხოლოდ საზღვრების, არამედ სინდისის სუვერენიტეტიც.
კრიტიკულ პატრიოტიზმი გვჭირდება, რომელიც ერის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და არა არსებულის მოწონებას. სიმართლე გვჭირდება, როგორც სოციალური კავშირის საფუძველი.
მართალია, როცა ვამბობთ, პატარა ქვეყნა გვაქვს უზარმაზარი სულიერებისა და კულტურის ისტორიით, რომელსაც მართლაც შეუძლია ევროპასთან საუბარი არა როგორც მთხოვნელი, არამედ როგორც მორალური პარტნიორი. მაგრამ დღევანდელი საქართველოს გადმოსახედიდან რა პირი გვაქვს, მაღალ იდეალებზე ვისაუბროთ.
მეც ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, სადაც რწმენა არ გამორიცხავს გონიერებას, სადაც ისტორია არ ანადგურებს აწმყოს, სადაც სიტყვები- სამართლიანობა, თავისუფლება და ევროპა არ არის პარტიული დროშები, არამედ საერთო სიკეთე ხალხისათვის გამეტებული.
ეს საქართველო არც მთავრობას ეკუთვნის და არც ოპოზიციას - ის ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც წარსულის გაკვეთილების გააზრებითა და მომავალზე ზრუნვით, ტყუილს უარყოფს და სიმართლეს ითხოვს.
გულის ფიცარზე იწერება სიმართლის მაძიებელთა სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვები, როგორც ამ შეუპოვარ ადამიანთა სამოქალაქო ანდერძი: „მარტოს თუ მომიწევს საუბარი, მაინც ვიტყვი. მე თუ გამაჩუმებენ, სხვები ილაპარაკებენ. რადგან სიმართლე არ კვდება: ის გადაეცემა, წიგნიდან წიგნში, შენგან მას და მისგან სხვას, როგორც ცეცხლი, რომელსაც ვერაფერი ჩააქრობს“.
და ერთ დღეს, როცა ტყუილი თავისით დაეცემა, როგორც ძველი ციხესიმაგრის ქვებზე დაყრილი მტვერი, როცა ერთმანეთისთვის გამეტებული ბოღმა-გესლიანი სიტყვები, აქეთ იქით ნაგავივით იქნება მიმოყრილი, ალბათ ეს სიტყვები გაგვახსენდება და მტყუან-მართალსაც ამის მიხედვით განსჯიან: თავისუფლება არ არის ვინმეს ახირება ან კაპრიზი: ის სიცოცხლესავით ბუნებით მინიჭებული ღირებულებაა ღირსეული ცხოვრებისთვის. ვერც ვერანაირი ძალაუფლება ვერ შეძლებს, მართალი, გულწრფელი ხმა ჩაახშოს.
ამიტომ, ჩემო მეგობრებო, ჩემო დებო და ძმებო, სინდისის სახელით იქნება ეს თუ იმ უხილავი რწმენის, მეხსიერების ვალდებულებისა და თუნდაც ქრისტიანული მრწამსის სახელით, ნუ შეგვეშინდება სიმართლის, რადგან მხოლოდ ის აქცევს ერებს დიდებულებად და ადამიანებს თავისუფლებად.
დიახ, მგონია, რომ ემილ ზოლა არ იქნებოდა, არც პრო ან ანტი რუსი და არც პრო ან ანტი ევროპელი, ის იქნებოდა სიმართლის მხარეს, ის დაგმობდა როგორც შეგნებულ და გამიზნულ მანიპულაციებს, ასევე თვითკმაყოფილებას. ის გაგვაფრთხილებდა გარედან თავსმოხვეული გავლენის შესახებ, რომელიც კარგად იყენებს შიდა განხეთქილებებს.
ამავდროულად გააკრიტიკებდა ადგილობრივ ელიტას, რომელიც მოსკოვის შიშს იყენებს საკუთარი ძალადობის დასაფარად.
ზოლა იტყოდა: „დამოუკიდებლობა არ არის დიპლომატიური პოზიცია, ეს არის მორალური პასუხისმგებლობა.
მე მჯერა თავისუფალი, სამართლიანი და ევროპული საქართველოსი. ეს არ იქნება, როგორც შექმნილი ხატით გვემუქრებიან, დასავლეთისადმი უსიტყვო მორჩილება, არამედ ის, რომ ჩვენი ხალხიც თავის სულში ატარებს იმავე ჰუმანისტურ, კულტურულ ღირებულებებსა და რწმენას, როგორც ისინი, რომლებიც თავის დროზე არ დანებდნენ და თავისუფლება მოიპოვეს.
და ნუ დავტოვებთ ერთეულ ადამიანებს მარტოდ, რომლებიც სიმართლეს ამბობენ, რადგან რადგან დუმილი კოლექტიური მარცხია, ხოლო სიმართლის გაჩუმება შეუძლებელია.
ვფიქრობ ქართველი ზოლა როგორც პოლიტიკურ ცინიზმს, ასევე გულუბრყვილო იდეალიზმსაც დაუპირისპირდებოდა, ფუჭი იმედიების გაჩენით რწმენის შესუსტებასაც გააკრიტიკებდა.
ის მოძებნიდა „მესამე მორალურ გზას“, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა გამჭვირვალობასა და გონიერების რწმენაზე.
სამყაროში, სადაც დეზინფორმაცია იდეებზე სწრაფად ვრცელდება, სადაც შიში კვლავ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა, ქართველი ზოლა შეგვახსენებდა ამ უნივერსალურ პრინციპს, რომ თითოეული ჩვენთაგანი პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რასაც ვამბობთ სიმართლის რწმენით და იმ დუმილზეც, რომელსაც შეგნებულად ვირჩევთ.
ბოლოს, საქართველო კი არ უნდა გახდეს ევროპული, იგი არის ევროპული, რადგან ვიდრე მას ღონე შესწევს, ამ ღირებულებისათვის იბრძვის.
ვისურვებდი თავად ევროპას აღმოჩნდეს ქართული შემართება და გამბედაობა: სიმართლის ერთგული და შეუდრეკელი მამაცი იყოს შიშის წინაშე.
ღირსეულ, თავისუფლებით ამაყ საზოგადოებას მუდამ ურჩევნია, ინდივიდები ზედმეტი თავისუფლებით სარგებლობდნენ, ვიდრე შიშით დამცირებულნი ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ.
მგონია, რომ დღეს ევროპელობაში გაჯიუტებული ქართველი გოგო-ბიჭები ევროპისთვისაც ღირებულებების სამაგალითო ერთგულებისა და შეუპოვრობის ლამაზ მაგალითს აჩვენებენ.
კბილებით უჭირავთ ევროპა რუსთაველის გამზირზე. დიახ, აქ გვაქვს ჩვენ ევროპა. ევროპამ უნდა დაინახოს როგორი უნდა იყოს თავად, რომ შეძლოს, წელში გაიმართოს და გადარჩეს.
P.S. მოხუც დედასთან ვარ საოკუპაციო ზოლთან, ჩემს სოფელ ფლავისმანში. აივნიდან ვუყურებ, როგორ მუხლოხოებივით მიიზლაზლენებიან ოკუპანტის სათვირთო, სამხედრო მანქანები იმ მთებზე, სადაც ბავშვობაში ძროხას ვაბალახებდი, ან თხილის საკრეფად მივდიოდი ან მთავარანგელოზობას იკორთის ტაძართან, მოკლე გზებით", - წერს გიორგი წიქარიშვილი.