რეჟიმი ცდილობს, მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს უთხრას, რომ აქ ცვლილების შანსი არ არის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა. კოალიცია ცვლილებისთვის ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.
კირთაძის თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის დაწყების მიზანია, რომ მმართველმა პარტიამ ქვეყანაში უიმედობის განცდა შექმნას.
"იმ ყველაფრის ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რეჟიმი გადაწყვეტილებას იღებს, ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების მიმართ მძიმე მუხლებით საქმე აღძრას. რეჟიმის გენერალური პროკურატურა სწორედ ამ საქმითაა დაკავებული. ჩვენ ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პასუხი ევროკავშირის გაფართოების კომისიის უმძიმეს დასკვნაზე.
ამით რეჟიმი ცდილობს, მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს უთხრას, რომ აქ ცვლილების შანსი არ არის. მათი გადმოსახედიდან, ამან ქართველ ხალხში უიმედობა უნდა გამოიწვიოს. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უიმედობის ნაცვლად ეს ბრძოლის უფრო დიდ მოტივაციას გამოიწვევს და ჩვენ შევძლებთ ერთიანი, ძლიერი წინააღმდეგობის, დემოკრატიული ფრონტის შექმნას. ყველას, ვისთვისაც ცხადია, რომ: ქვეყანას რეჟიმი მართავს; რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია და გადის ქუჩის აქციებზე, მტკიცე და მძლავრ წინააღმდეგობაზე; ამ ქვეყანას მომავალი აქვს და ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობაა, გთხოვთ, საბოლოოდ უნდა შევქმნათ ერთიანი წინააღმდეგობის დემოკრატიული ფრონტი.
დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და შედეგიც მალე იქნება - და ეს იქნება მთავარი ფრონტი, რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი ზუსტად ისე დამარცხდება, როგორც ამ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი დამარცხდა". - თქვა კირთაძემ კოალიციის სახელით გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, დღეს, მთვარი პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გიორგი გვარაკიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ - გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.