პროფკავშირი „საქნახშირი ჯიაიჯი“ ჯგუფს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მისი წევრი მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირი და ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირი, აცხადებენ პროტესტს საქნახშირი ჯი-აი-ჯი(GIG)-ს მიერ დაწყებულ პროცესზე და მოითხოვენ - ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ახალი შრომის კონტრაქტების დარიგება და დასაქმებულების იძულება - ხელი მოაწერონ ამ კონტრაქტს, ვინაიდან ის მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კანონმდებლობას და წარმოადგენს მეშახტეების უფლებების უხეშ დარღვევას.
ამავდროულად ეს არის ბოლო პერიოდში, მათ შორის ბოლო გაფიცვის დროს საქნახშირი ჯი-აი-ჯი (GIG) ჯგუფის მიერ აღებული ვალდებულებისთვის თავის არიდების, ასევე 2012 წლის 3 თებერვალს, პროფკავშირებთან გაფორმებული შეთანხმების ანულირების აშკარა მცდელობა.
პროფკავშირები იწყებს მობილიზებას საპროტესტო კამპანიის და შესაძლო გაფიცვის ორგანიზებისთვის თუ არ შეწყდება კომპანიის მენეჯმენტის ქმედებები ამ მიმართულებით.
ასევე აშკარაა, რომ საქნახშირი ჯი-აი-ჯი(GIG) ჯგუფი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროფკავშირების მიერ უკვე მომზადებულმა სარჩელმა, რომელიც სასამართლოში უნდა შევიდეს - აზრი დაკარგოს. სარჩელის მიხედვით გაერთიანებას მოთხოვნილი აქვს, ბოლო 4 წლის განმავლობაში არსებული ინფლაციის მიხედვით ხელფასის ინდექსირებას 12.7%-ით და ასევე ბოლო შეთანხმებით ხელფასების მატება და შრომის უსაფრთხოების ნორმების დანერგვა.
შპს „საქნახშირის“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფის) მიერ შემოთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პროექტი და შინაგანაწესი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და დამსაქმებელსა და პროფესიულ კავშირებს შორის გაფორმებულ არაერთ შეთანხმებას შემდეგ გარემოებათა გამო:
შრომითი ხელშეკრულება
1) შემოთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პროექტის 8.5 მუხლის შესაბამისად, „წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მხარეები აღნიშნავენ და ადასტურებენ, რომ მათ ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ რაიმე სახის დავალიანება ან სხვა ფინანსური ვალდებულება (და არც მომავალში გამოთქვამენ აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიას), რომელიც შესაძლოა წარმოშობილიყო წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღამდე მოქმედი სამართლებრივი ურთიერთობებიდან, გაფორმებული როგორც მხარეებს, ასევე მხარეთა სახელით მოქმედ სხვა პირებთან“. მითითებული პროექტის 8.6 მუხლის შესაბამისად, „წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან უქმდება ყველანაირი ზეპირი თუ წერილობითი შეთანხმება, ხელშეკრულება და სხვა სამართლებრივი დოკუმენტები, რომელიც დაკავშირებული იყო მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებასთან და წინამდებარე ხელშეკრულება (დანართების ჩათვლით) წარმოადგენს ერთადერთ სამართლებრივ დოკუმენტს მხარეთა შორის შრომითი პირობების და უფლება-მოვალეობების განსასაზღვრად.“
შრომით ხელშეკრულებაში ზემოაღნიშნული ნორმების შემოტანა ერთმნიშვნელოვნად ლახავს დასაქმებულთა უფლებებს.
კომპანიისთვის იმთავითვე ცნობილია, რომ კომპანიასა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს შორის 2011 წლის 03 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე მას გააჩნია დასაქმებულთა მიმართ დავალიანება, რამდენადაც არ მოუხდენია დასაქმებულთა ხელფასების ინდექსირება 2011 წლიდან ყოველწლიურად დაფიქსირებული ინფლაციის შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით, სულ რამდენიმე დღეში პროფკავშირების მიერ სარჩელის შეტანა იგეგმება სასამართლოში.
შპს „საქნახშირი“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) მითითებული ნორმების შრომის ხელშეკრულებაში შეტანის გზით ცდილობს იძულების წესით უარი ათქმევინოს მოსარჩელეებს მოთხოვნაზე და ამასთანავე, ძალა დაუკარგოს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირსა და კომპანიას შორის 2011 წლის 03 თებერვალსა და 2016 წლის 29 თებერვალს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და კომპანიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას.
2) შემოთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პროექტით დამსაქმებელი დასაქმებულებს 2016 წლის 01 მარტიდან უფორმებს შრომით ხელშეკრულებას გამოსაცდელი ვადით (მუხლი 5.2), ხოლო გამოსაცდელი ვადის პერიოდის წარმატებით გავლის შემდგომ, საუბარია დასაქმებულთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე (მუხლი 5.3, 5.4), მაშინ როდესაც პირები, რომლებსაც ადმინისტრაციის მხრიდან მოეთხოვებათ მითითებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა წლებია მუშაობენ კომპანიაში და საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, იმყოფებიან საწარმოსთან უვადო შრომით ურთიერთობებში. ამას გარდა, შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების დადების მიზანია შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენა, რომლის გამოყენებაც უკვე კომპანიაში მომუშავე ადამიანებთან მიმართებით კანონშეუსაბამოა და და ლახავს დასაქმებულთა უფლებებს.
3) შემოთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პროექტის 5.6 მუხლი დამსაქმებელს აძლევს შესაძლებლობას მისი ინიციატივით, ცალმხრივად შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
4) შემოთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პროექტი არ არეგულირებს მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს (მაგალითად შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები).
შრომის შინაგანაწესი
1) შპს „საქნახშირის“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფის) მიერ შემოთავაზებული შინაგანაწესის 1.3 მუხლის შესაბამისად, „თუ შინაგანაწესის შესაბამისი პუნქტით სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, შინაგანაწესსა და შრომით ხელშეკრულებას შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება შინაგანაწესს.“ მითითებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის შესაბამისადაც შრომის შინაგანაწესი უნდა შეესაბამებოდეს შრომის ხელშეკრულებას.
2) შინაგანაწესის 9.2.2 მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელს ენიჭება უფლება უქმე დღეებში ნამუშევარი დღის სანაცვლოდ დასაქმებულს მისცეს დამატებითი (მაგიერი) დასვენების დრო, მაშინ როდესაც საქართველოს შრომის კოდექსის მე-20, მე-17, მუხლების შესაბამისად, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათებისთვის უნდა მიეცეთ ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით , ხოლო დღემაგიერის მიცემა არის მხარეთა შეთანხმების საგანი. შესაბამისად, შინაგანაწესის მითითებული ნორმა ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს.
3) შინაგანაწესის მე-7 თავი განსაზღვრავს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს. შინაგანაწესის 16.4, 16.5, 16.6 მუხლები პრაქტიკულად დასაქმებულის მხრიდან ნებისმიერი სახის გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში აძლევს დამსაქმებელს შესაძლებლობას შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება, მაშინ როდესაც საქართველოს შრომის კოდექსი (37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ,“ „თ“ ქვეპუნქტები) განსხვავებულად არეგულირებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს.
4) შინაგანაწესის 25.12 მუხლის შესაბამისად, „დასაქმებულის ან კანდიდატის მიერ შინაგანაწესის გაცნობისას მისი პირობების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ბათილად ჩაითვლება ყველა წინასახელშეკრულებო წერითი ან ზეპირი შეთანხმება.“ მითითებული ნორმა ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. სამართლებრივი ურთიერთობის ბათილად ჩათვლა დაკავშირებულია ისეთ სამართლებრივ შედეგებთან, რომელსაც ადგილი მოცემულ შემთხვევაში ვერ ექნება. ამასთან, კანონსაწინააღმდეგო პირობების მიღებაზე უარი დაუშვებელია იყოს ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი”, - ნათქვამია განცხადებაში.