17 აპრილს პარიზში, ელისეის სასახლეში უკრაინელ და სხვა ევროპელ ოფიციალურ პირებთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს.
„სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას იგივე გზავნილი გადასცა, რაც აშშ-ის დელეგაციამ უკრაინის დელეგაციას და ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს პარიზში: პრეზიდენტ ტრამპს და შეერთებულ შტატებს სურთ ამ ომის დასრულება და ახლა ყველა მხარეს წარუდგინეს მდგრადი მშვიდობის საფუძვლები. [...] მშვიდობა შესაძლებელია, თუ ყველა მხარე შეთანხმების მიღწევას ისურვებს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად კი, ლავროვმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის სურვილი, გააგრძელოს დიალოგი ვაშინგტონთან, "რათა სანდოდ აღმოიფხვრას უკრაინული კრიზისის ძირეული მიზეზები".
განცხადების მიხედვით, რუბიომ ლავროვს ასევე მიაწოდა ინფორმაცია პარიზში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ს, უკრაინის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები იღებდნენ.