ჩემი მიზანია, დასავლეთი კვლავ დიდებული გავხადოთ, ვფიქრობ, ერთად შეგვიძლია ამის გაკეთება, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ატლანტიკის ორ მხარეს შორის გარკვეული პრობლემები არსებობს და დროა, გამოსავლები ეძებონ.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა რომში მისი მიწვევა მიიღო.
„ჩემი მიზანია, დასავლეთი კვლავ დიდებული გავხადოთ და ვფიქრობ, რომ ერთად შეგვიძლია ამის გაკეთება. როცა დასავლეთზე ვსაუბრობ, უპირველესად, არ ვგულისხმობ გეოგრაფიულ სივრცეს. მე ვსაუბრობ ცივილიზაციაზე და მსურს ეს ცივილიზაცია უფრო ძლიერი გავხადოთ.
ჩვენ ვიზიარებთ კიდევ ერთ გამოწვევას, რომელიც არის ბრძოლა „ვოუკ“ და მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის იდეოლოგიის წინააღმდეგ, რომელსაც სურს ჩვენი ისტორიის წაშლა.
ამიტომ, ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ატლანტიკის ორ მხარეს შორის გარკვეული პრობლემები გვაქვს, დადგა დრო, რომ დავსხდეთ და გამოსავლები ვეძებოთ.
მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს იმისთვის, რომ მან მიიღო მოწვევა, რომში უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტი განახორციელოს და ამავე პერიოდში განიხილოს ევროპასთან შეხვედრის შესაძლებლობაც. ჩემი მიზანია, დასავლეთი კვლავ დიდებული გავხადოთ, ვფიქრობ, ერთად შეგვიძლია ამის გაკეთება", - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.