არ ვიცი დღეს მსახიობი საქართველოში, რომელიც იტყოდა რომ კი, მე შევალ ანდროს როლზე, ეგეთი რამე არ არსებობს უბრალოდ, - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„ორჯერ მოვიდა წერილი, სადაც გვთხოვდნენ, რომ იქნებ დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ ფუნქციას. გავგზავნეთ დიდი პასუხი და იქიდან ამ ჩვენ გაგზავნილ პასუხზე პასუხი უკვე აღარ მოსულა. იმიტომ, რომ ჩემი აზრით, იმ პასუხში ძალიან კარგად ავუხსენით, თუ რის გამო ვერ ვთამაშობთ სპექტაკლებს. იმიტომ, რომ დაიჭირეს ჩვენი მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე. ეს არის სარეპერტუარო თეატრი და დაახლოებით 12 სპექტაკლიდან 6-ში თამაშობს ის. რანაირად შეგვეძლო ჩვენ გაგრძელებინა თამაში ?!
ერთადერთი რაც კულტურის სამინისტროს ვთხოვეთ, იყო რომ იქნებ დაგვხმარებოდა, რომ ეს ადამიანი გამოეშვათ, რათა ჩვენ გაგვეგრძელებინა სპექტაკლების თამაში. შეეძლოთ ეთქვათ, რომ შეცვალე, მსახიობია უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამას მე არ გავაკეთებდი. უბრალოდ მართლა არ ვიცი დღეს მსახიობი საქართველოში, რომელიც იტყოდა რომ კი, მე შევალ ანდროს როლზე, ეგეთი რამე არ არსებობს უბრალოდ“, - განაცხადა დოიაშვილმა.