გერმანიაში საზეიმოდ დაიხურა ბერლინის 63-ე კინოფესტივალი. მთავარი ჯილდო "ოქროს დათვი" ფილმისთვის "ბავშვის პოზა" რუმინელ კინორეჟისორ კალინ პეტერ ნეცერს გადასცეს. ბერლინალეზე საუკეთესო სცენარად ირანული "დახურული ფარდა" გამოაცხადეს. სცენარის ერთ-ერთი ავტორი დისიდენტი ჯაფარ პანაჰია, რომელსაც ირანში შინაპატიმრობა აქვს მისჯილი და 20 წლით ფილმების გადაღება აქვს აკრძალული.
ალფრედ ბაუერის სახელობის ჯილდო კანადელმა დენის კოტმა მიიღო ფილმისთვის "ვიკმა და ფლომ დათვი დაინახეს".
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ბოსნიელი ნაფიზ მუჟიჩი გახდა. ქალის როლის საუკეთესოდ განსახიერებისთვის კი ჯილდო ჩილელ პაულინა გარსიას გადაეცა.
კიმოფესტივალის პროგრამა "პანორამა" კი ქართული ნამუშევრით ზაზა რუსაძის მხატვრული დებიუტით "ჩემი საბნის ნაკეცი" გაიხსნა.
ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის "გრძელი ნათელი დღეები" კი "ფორუმის" ფარგლებში იქნა ნაჩვენები.
ქართველი რეჟისორების ორივე სადებიუტო ნამუშევარი ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი. ფილმის შერჩევა მოხდა ბერლინალეს დელეგაციის წინასაფესტივალო ვიზიტის დროს თბილისში (2012 წლის ოქტომბერში).
ეროვნული კინოცენტრი ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე 2013 წელს მერვედ წარდგა.
კინობაზრობაზე გაიხსნა საქართველოს სტენდი, სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა ფესტივალისა და ბაზრობის სტუმრებს და კინოპროფესიონალებს ქართული კინოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, ასევე ახალი ქართული ფილმების და განვითარების სტრატეგიის შესახებ.
საქართველო 2012 წელს გახდა სარაევოს კინოფესტივალის რეგიონალურ სივრცეში შემავალი სრულუფლებიანი წევრი.
გოჩა მირცხულავა