რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ძალის გარდა სხვა ენა არ ესმის და ჩავენ მას ამას ვაჩვენებთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა.
„შემიძლია მხოლოდ იმაზე ვისაუბრო, რაც ჩვენ გვეხება. მაგალითად, განვიხილოთ ის სამიზნეები, რომლებსაც რუსეთში ვუტევთ. პუტინს მხოლოდ ჩვენი ძალისმიერი პასუხის ენა ესმის. მას ძალის გარდა არაფერი ესმის. ჩვენ კი ამას ვაჩვენებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს სამართლიანად მიიჩნევს.
„ეს სამართლიანია? მე მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად სამართლიანია. ჩვენ ამის უფლება გვაქვს. თავს ვესხმით თუ არა რუსეთის დიზელის საწვავს? დიახ. მაგრამ ახდენს თუ არა ეს გავლენას ფასებზე აშშ-სა და მთელ მსოფლიოში? არა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ამის დასადასტურებლად მონაცემები მოიყვანა და აღნიშნა, რომ რუსეთის წილი მსოფლიო ექსპორტში ამჟამად დაახლოებით 2.2%-ს შეადგენს, ამიტომ მის გავლენას პრაქტიკულად ნულოვნად მიიჩნევს.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ენერგომატარებლების ფასებზე გაცილებით დიდ გავლენას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი ახდენს.
„ჩვენ ვიცით, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს გაცილებით დიდი გავლენა აქვს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ენერგომატარებლების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაა. ამიტომ, თუ აშშ-ს ნამდვილად სურს ფასების შემცირება, იქ ომი უნდა დასრულდეს და სრუტე გაიხსნას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს არ შეუძლიათ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების განხილვა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამ ქვეყნების ლიდერებს, შესაძლოა, ჰქონდეთ საკითხები, რომელთა განხილვაც ერთმანეთთან სურთ, თუმცა ისინი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ უნდა ისხდნენ.
„რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების ლიდერებს აქვთ საკითხები, რომლებიც ერთმანეთთან უნდა განიხილონ. თუმცა ისინი ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ იქნებიან. კერძოდ, მათ არ შეუძლიათ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორებიცაა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს საკითხები მხოლოდ უკრაინას ეხება“, - განაცხადა ზელენსკიმ.