დღეს, 28 ნოემბერს, 19:00 საათზე, პეტერბურგის ფილარმონიის დიდ დარბაზში ქართული კინოს ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალის გახსნაში მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი "ქართული ხმები" და მომღერალი ნანი ბრეგვაძე.
კინოცენტრ "როდინაში" პეტერბურგელებისთვის ნაჩვენები იქნება როგორც XX საუკუნის პირველ ნახევარში გადაღებული ასევე თანამედროვე ფილმები. კინოფესტივალის პროგრამაშია საქართველოს მუნჯური, ლეგენდარული, ასევე თანამედროვე ფილმები.
ფილმების ჩვენება კინოცენტრ "როდინაში" 28 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბრამდე გასტანს. მომავლისთვის ქართული კინოს ეს ფესტივალი პეტერბურგში შესაძლოა ყოველწლიური გახდეს.
რუბრიკაში "საქართველოს მუნჯური კინო" - წარმოდგენილი იქნება უნიკალური ფილმები, რომლებიც მსოფლიო კინემატოგრაფის ოქროს ფონდშია შესული. ნაჩევენების იქნება ამ ჟანრის ისეთი ფილმები, როგორებიცაა კოტე მიქაბერიძის "ჩემი ბებია" (1929წ.) ეს ფილმი საქართველოს მუნჯური კინოს ვარსკვლავის, კოტე მიქაბერიძის, სარეჟისორო დებიუტი იყო და იგი, როგორც "ანტისაბჭოთა ფილმი", აკრძალული იყო.
რუბრიკაში "საქართველოს ლეგენდარული კინო" წარმოდგენილი იქნება კინემატოგრაფის კლასიკოსების - სერგო ფარაჯანოვის, გიორგი შენგელაიას, ირაკლი კვირიკაძის, ნანა ჯორჯაძის - ფილმები.
რუბრიკაში "საქართველოს თანამედროვე კინო" წარმოდგენილი იქნება 2008 წლის ფილმები: ზაზა ურუშაძის "სამი სახლი" და დათო ჯანელიძის "ჯაყოს ხიზნები".
ფესტივალის პროგრამაში ასევე ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მათ შორის, "ქოლგა", რომელმაც თავის დროზე კრაკოვის მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ჯილდო მიიღო.