დღეს, 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვრების თათია ირემაშვილის, ია ბახტაძის და თამთა ცაციაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება ტექსტილის, კერამიკის, მინანქრის, გრაფიკული და სხვა ნამუშევრები.
ია ბახტაძის გრაფიკაში ასახულია სოციალური თემატიკა. მაგალითად, ქალის არსებობის ასპექტები, მასთან დაკავშირებული სოციალური პრობლემატიკა. მათ შორის არის ქალებზე ძალადობის თემაზე შესრულებული ნამუშევრები. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ბეჭდვითი გრაფიკის ტექნიკები: ოფორტი, მონოტიპია, ლინოგრავიურა, აპლიკაციები და ა.შ.
თამთა ცაციაშვილის მინანქრის ნამუშევრები შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკით. დამთვალიერებელი მის ნამუშევრებში გამოარჩევს მდიდარ ფერთა გამას, სიუჟეტის მრავალფეროვნებას. წარმოდგენილი იქნება როგორც სამკაული, ასევე დეკორატიული პანოები და ილუსტრაციები ლითონზე.
თათია ირემაშვილის თექის ნამუშევრები გამოირჩევა საინტერესო სიუჟეტით. წარმოდგენილი იქნება ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ასლები თექაში. ასევე გამოფენილი იქნება მხატვრის კერამიკული ნამუშევრები და განსაკუთრებული დიზაინით სხვადასხვა მასალების გამოყენებით შექმნილი ჭადრაკი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილ მხატვრებს არაერთ პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენაში მიუღიათ მონაწილეობა. დაჯილდოებულნი არიან არაერთი კონკურსის საპრიზო ადგილებით.