9 ნოემბერს, 17:00 საათზე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიორგი გომიაშვილის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გიორგი გომიაშვილის ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში შექმნილი ორმოცი ფოტო, რომელიც გამორჩეულად წარმოაჩენს თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა სახვით ფორმას.
გომიაშვილი 2006 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების ფოტოგრაფთა საზოგადოების წევრი იყო, რომელიც ჯერ კიდევ 1934 წლიდან არსებობს და გამორჩეულ ფოტომოყვარულებს უწყობს ხელს შემოქმედებით ზრდაში. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქართველი ფოტოგრაფი გახდა ამ საზოგადოების წევრი.
გომიაშვილის ფოტოები სხვადასხვა ჟანრშია წარმოდგენილი. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თავისუფალ ფოტოგრაფიას და სხვადასხვა თემაზე ინტერპრეტირებას. მის ნამუშევრებს გრაფიკული იერი დასდევს, რაც თანამედროვე ფოტოგრაფიაში ერთ-ერთი ტენდენციაა და რომლითაც ბევრი მსოფლიოში ცნობილი თანამედროვე ფოტოგრაფი იყო დაინტერესებული.
გომიაშვილი 1972 წელს დაიბადა და მიმდინარე წლის აგვისტოში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტი, ფლეტჩერის სამართლისა დიპლომატიის სახელმწიფო სკოლა ჰარვარდში, ხოლო 2005 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ხარისხი მიიღო. 1996 წლიდან, 2012 წლის ჩათვლით, მუშაობდა საქართველოში ტოიოტა ცენტრში, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გამოფენა 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.