ხვალ, 6 ნოემბერს, 17:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჟურნალ "Film Print"-ის მეექვსე ნომრის პრეზენტაციას გამართავს.
ახალი ნომრის რედაქტორები არიან კინომცოდნე და რეჟისორი - ირაკლი ჩხიკვაძე და დამოუკიდებელი ჟურნალისტი - ირინე ჟორდანია. ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე კვარტალში ერთხელ გამოდის და ყოველ ნომერზე მუშაობს რედაქტორთა ახალი ჯგუფი. ჟურნალის მიზანია, ქართული კინოკულტურის პოპულარიზაცია, თანამედროვე კინოპროცესების გაცნობა ფართო აუდიტორიისთვის, კინოსექტორში მოღვაწე ადამიანების ინფორმირება მათი კოლეგების მიღწეევებისა და პროფესიული გეგმების შესახებ. გარდა ამისა, ჟურნალი საინტერესო იქნება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მკითხველისთვისაც, რაც გამოიწვევს ზოგადი ინტერესის გაზრდას კინოს მიმართ. ჟურნალი ვრცელდება უფასოდ ლიტერატურულ კაფეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.
ახალ ნომერში აქცენტი გაკეთდა ქართულ თანამედროვე კინემატოგრაფზე და მის პრობლემატიკაზე, კერძოდ - 2012 წლის კინოპროექტებზე: "Tbilisi my City", "20 წელი 12 თვე", "იასამნისფერი ალმანახი", ასევე ჟურნალში მიმოხილულია ეროვნული კინოცენტრის 2012 წლის კონკურსებში გამარჯვებული მხატვრული ფილმების პროექტები. ახალ ნომერში გაშუქებულია ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, ასევე კანის კინოფესტივალის კრიტიკოსთა კვირეული თბილისში. ჟურნალში დაბეჭდილია გელა კანდელაკისა და დიტო ცინცაძის ინტერვიუები, საინტერესო რეცენზიები მოკლემეტრაჟიან ქართულ ფილმებზე და სტატიები თანამედროვე ტექნოლოგიებზე. სპეცპროექტში კი წარმოდგენილია თანამედროვე ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული კინოაფიშები.