დღეს, 30 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მერაბ კოკოჩაშვილის მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმის, "უსუის" ჩვენება და დისკუსია თემაზე - "ლიტერატურა კინემატოგრაფში" (ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი).
ფილმი ირაკლი ლომოურის მოთხრობის მიხედვით 2005 წელს კომპანია "ნეოსტუდიოშია" გადაღებული. მასში აღწერილია ცხოვრებისეული ამბავი აბსურდული დასასრულით: ახალგაზრდა მხატვარი ქუჩაში დაინახავს აფიშას, რომელზედაც აწერია "უსუი" და ცდილობს გაიგოს, რას ნიშნავს ეს სიტყვა. მთავარი გმირი იწყებს ძიებას როგორც საკუთარი თავის შესაცნობად, ასევე ამ სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად.
"უსუის" დამდგმელი ოპერატორია დავით გუჯაბიძე, მხატვრები - კოტე ჯაფარიძე და სალომე სხირტლაძე, კომპოზიტორი - ნოდარ მამისაშვილი. მთავარ როლშია ლევან წულაძე. ფილმში ასევე მონაწილეობენ ნანუკა ხუსკივაძე, თემურ კლდიაშვილი, დიმიტრი ბათიაშვილი, ნანა მჭედლიძე, მედეა ჩახავა, დუტა სხირტლაძე, ელისაბედ ჭიჭინაძე.