დღეს, 30 ოქტომბერს, 12 :00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის დარბაზში (ინგოროყვას ქ.#7) ჟურნალისტებს მიეცემათ "ჯამბაზების" რეპეტიციაზე დასწრებისა და მსახიობებთან გასაუბრების საშუალება.
1-ელ ნოემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი რუჯერო ლეონკავალოს ოპერაზე "ჯამბაზებზე" მიიწვევს აუდიტორიას (მსმენელები იტალიური ვერიზმის კაშკაშა შედევრს საკონცერტო შესრულებით მოისმენენ).
მონაწილეობენ ოპერის სოლისტები: ანზორ ხიდაშელი (კანიო), ირინე თაბორიძე (ნედა), სულხან გველესიანი (ტონიო), მამუკა ტეფნაძე (სილვიო), გიორგი მახარაძე (პეპე), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი _ ავთანდილ ჩხენკელი, ქორმაისტერი _ შალვა შაორშაძე) და სიმფონიური ორკესტრი (კონცერტმაისტერი _ ლელა მჭედლიძე).
"ჯამბაზებს" წარუძღვება იტალიელი პიანისტი და დირიჟორი სტეფანო მიჩელი. სტეფანო მიჩელიმ სწრაფად დაიმკვიდრა თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ხელოვანის რეპუტაცია; იგი მსოფლიოს სცენებს სტუმრობს როგორც ბრწყინვალე პიანისტი და საინტერესო ხელწერის დირიჟორი. სტეფანო მიჩელი არის ბერგამოს კულტურის საერთაშორისო ფესტივალის დამაარსებელი და მხატვრული დირექტორი, ვერონაში სტეინვეის საზოგადოების აკადემიის და ტენგლვუდის ინსტიტუტის რეზიდენტი პროფესორი, აგრეთვე ბერგამოს დონიცეტის თეატრის საპატიო არტისტი. 2011 წლის სექტემბრიდან სტეფანო მიჩელის სტეინვეის არტისტის წოდებაც მიენიჭა.