კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, მირზაანში ფიროსმანის მემორიალური სახლის სრული რეაბილიტაციცია-რეექსპოზიცია დასრულდა და რესტავრაცია ჩაუტარდა მხატვრის ორ ნამუშევარს „თამარ მეფეს" და „მწოლიარე ქართველ ქალს". ამ დღესთან დაკავშრებით გამოიცა ალბომი „ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი" და დამზადდა მხატვრის იმ ორიგინალ ნამუშევართა ღია საფოსტო ბარათები, რომლებიც მირზაანის მუზეუმშია დაცული.
საზეიმო ღონისძიებები მირზაანში 13:00 საათზე დაიწყება. ახალი ალბომისა და ღია საფოსტო ბარათების გარდა გაიხსნება თვითნასწავლი იტალიელი მხატვრის ანტონიო ლიგაბუეს ნამუშევართა ასლების გამოფენა.
ფიროსმანობა 2012 წლის მთავარი ღონისძიება იქნება, გამოჩენილი ქართველი მხატვრის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენების ამსახველი ისტორიული აფიშების პრეზენტაცია.
მირზაანში უკანასკნელ წლებში განხორციელებული ეტაპობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მუზეუმის პოპულარიზაციის შედეგად, დამთვალიერებელთა რაოდენობის ზრდამ აუცილებელი გახადა ფიროსმანზე მომზადებული საინფორმაციო ფილმის რუსულ და ინგლისურ ენებზე თარგმნა და გამოცემა. ამ ფილმების შეძენა დვდ ფორმატში ახალი შეფუთვით უკვე დღეიდან ყველა ტურისტს შეეძლება.