დღეს, 21 ოქტომბერს, 15:00 საათზე ბათუმის საქალაქო ბიბლიოთეკაში გაიხსნება გამოფენა, რომელიც დამთვალიერებელს ქართულ ევროპული ურთიერთობების ხანგრძლივსა და საინტერესო ურთიერთობებზე მოუყვება. გამოფენის ორგანიზატორები არიან ეროვნული ბიბლიოთეკა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ბათუმის საქალაქო ბიბლიოთეკა.
ქართულ-ევროპული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა ევროპის დღის აღსანიშნავად მომზადდა და მას პირველად თბილისელები 2012 წლის მაისში გაეცნენ.
„გამოფენის წარმატებამ თბილისში გადაგვაწყვეტინა, იგი დანარჩენ საქართველოსაც ვაჩვენოთ. ბათუმის შემდეგ მისი დათვალიერების საშუალება ექნებათ ზუგდიდელებს, ქუთაისელებს, ფოთელებსა და ახალციხელებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში, ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური მასალები: ფოტოები, წიგნები, ხელნაწერები და დოკუმენტები.
„ამ გამოფენით სწორედ იმის თქმა და ჩვენება გვსურს, რომ საქარველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტებიც ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვანი და განუყოფელი ნიმუშებია." - ყვება გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ემზარ ჯგერენაია.
გამოფენის გახსნას 21 ოქტომბერს თან დაერთვება მოხსენებები ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე. მოხსენებებს და დისკუსიებს გაუძღვებიან ექსპერტები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.
მასალის გამოყენების პირობები