დღეს, 19 ოქტომბერს, წიგნის - "ელისო ვირსალაძე" - პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი კომპანია "მაგთიკომის" მხარდაჭერით გამოიცა. პრეზენტაცია თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ტარდება.
ფესტივალს ხანგრძლივი ისტორია და დიდი ტრადიციები აქვს. ელისო ვირსალაძის მიერ 80-იან წლებში დაარსებულ ფესტივალს (სახელწოდებით "ქება ვაზისა") ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ანალოგი არ მოეძებნებოდა, არც ფორმატით (კონცერტების სერია და მასტერკლასები), არც მონაწილეთა შემადგენლობით და არც ასეთი მასშტაბის ფესტივალის ჩატარებით ქვეყნის რეგიონში. შემდგომ, ქვეყანაში არსებული ვითარებისა და ობიექტური მიზეზების გამო, ფესტივალი აღარ ჩატარებულა.
2010 წლის ოქტომბერში, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ელისო ვირსალაძის ინიციატივით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში განახლებული სახით (ასევე, სახელწოდებით) აღდგა.