თბილისი.22.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". დღეს, სახალხო ბანკმა აქციათა საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ განაცხადა. ბანკის აქციათა 91,218 % " Liberty Investments Holding B.V"- "- ის შვილობილმა კომპანიამ " Liberty capital LLC " შეიძინა. ამ კომპანიის მიზანი ბაზრებზე ფინანსურ სექტორში ინვესტიციების განხორციელებაა. " Liberty "- ის ბენეფიციარი მფლობელები დინუ პატრიჩიუ და ლადო გურგენიძე არიან.
დღეს "სახალხო ბანკში" გამართულ ბრიფინგზე მფლობელებმა განაცხადეს, რომ " Liberty " ინვესტიციებს ისეთ ქვეყნებში განახორციელებს, სადაც ღია ლიბერალური ეკონომიკა, დაბალი გადასახადები, სახელმწიფო მართვის მაღალი სტანდარტები და საიმედო ფისკალური და მონეტარული პოლიტიკაა.
"მოხარული ვარ, რომ " Liberty "-იმ პირველი ინვესტიცია განახორციელა. "სახალხო ბანკს განვითარების დიდი პოტენციალი ფილეალების ქსელისა და საპენსიო მომსახურების ხარჯზე აქვს. მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენი პრიორიტეტი "სახალხო ბანკის" რესტრუქტურიზაციის დაწყება იქნება. ვაპირებთ დამატებით საკუთარი კაპიტალის ინვესტირებას. გარდა ამისა, არ ვაპირებთ ბანკის აქციების საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგიდან ამოღებას და შესაძლებელია თავისუფალ მიმოქცევაში არსებული აქციების რაოდენობა 20% - 25%-მდეც გავზარდოთ. მოხარული ვიქნებით, თუ ბანკის განვითარების პროცესში გამოცდილი ინვესტორები შემოგვიერთდებიან,"- განაცხადა ლადო გურგენიძემ.
" Liberty "-ის თავმჯდომარე დინუ პატრიჩიუ აცხადებს, რომ მოხარულია ახალ პროექტზე ლადო გურგენიძესთან ერთად მუშაობით.
"მეც და ლადოსაც საჯარო კომპანიების მართვის წარმატებული გამოცდილება გვაქვს და ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ " Liberty "-ის პირველადი საჯარო შეთავაზება, მსოფლიოს რომელიმე ძირითად საფონდო ბირჟაზე განხორციელებადი იქნება,"- განაცხადა პატრიჩიუმ.
სასართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეს გარიგება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის კვლავაც მიმზიდველია.