თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს და მხოლოდ იმ ნარატივში ზის, რომელიც, სამწუხაროდ, კოლექტიურ ოპოზიციას აქვს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძე თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„როგორც ყოველთვის, ნაცაქტივს დიდი ზეიმი აქვს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო ერთმა კონკრეტულმა მოსამართლემ, რომელსაც თვითაცილებაც უნდა გამოეყენებინა ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ ვიმსჯელებთ გამომდინარე იქიდან, მისი მეუღლე რა პოსტებით არის წარმოდგენილი და როგორი აქტივისტური საქმიანობით არის დაკავებული. მაგრამ ეს ყველაფერი გვერდზე რომ გავწიოთ, გადაწყვეტილება არის ყველანაირ იურიდიულ ლოგიკას და სამართალს მოკლებული და სწორება მხოლოდ და მხოლოდ აქვს გაკეთებული იმ აგენტურულ და იმ „ნაცურ“ ნარატივზე, რომელიც ასე ხშირად გვესმის ორი თვის განმავლობაში. ნათელი გახდა, თურმე ამდენი წლის განმავლობაში რატომ ითხოვდნენ, რატომ იძახდნენ, კლანი-კლანიო, რატომ უნდოდათ სასამართლოს ხელში ჩაგდება. ფაქტია, რომ შემდეგ უნდა მიღებულიყო ასეთი გადაწყვეტილებები. „ნაცკლასტერი“ შეეცდებოდა გადატრიალების კიდევ ერთი მცდელობასთვის. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს და მხოლოდ იმ ნარატივში ზის, რომელიც, სამწუხაროდ, კოლექტიურ ოპოზიციას აქვს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისითქმით, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება, სადაც სამართალი იზეიმებს.
„რა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია დაიცავს დავის ღირსებას და ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, სადაც სამართალი იზეიმებს, გადაწყვეტილება იქნება ერთი და კანონიერი, რომ საია-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდება. მნიშვნელოვანია, ხაზი გაუსვათ, რომ თეთრიწყაროს მოსამართლე აღმოჩნდა 20 მოსამართლეზე ჭკვიანი, თურმე მხოლოდ მან აღმოაჩინა ფარულობის დარღვევა და დანარჩენმა 20-მა მოსამართლემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, ასეთმა მოსამართლემ თავის თავში უნდა ჩაიხედოს და საინტერესოა, რას დაასახელებს გადაწყვეტილების მოტივად, შავის თეთრზე დაწერას. ამ გადაწყვეტილებას არანაირი დასაბუთება არ შეიძლება, ჰქონდეს ბუნებაში, რადგან შეუძლებელია, ფარულობის დარღვევა ვინმემ დაადგინოს, როდესაც კონვერტშია ბიულეტენი მოთავსებული. არცერთი ადამიანი, წესით და რიგით, არ უნდა იდგეს ყუთის გარშემო და უბრალოდ თუ არ ხარ დაინტერესებული ადამიანი, რომ რამე დარღვევა აღმოაჩინო ან დარღვევის ერთპროცენტიანი შანსი მაინც, რა თქმა უნდა, სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ. ზოგადად, სასამართლოში ექსპერიმენტები ხშირად ტარდება ხოლმე, მაგრამ ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს სწორედ იმ ბუნებრივ გარემოში, რომელიც დამახასიათებელია ამ გარემოსთვის. არსად არ არსებობს ასეთი პრეცედენტი ე.წ. ექსპერიმენტისთვის. შეუძლებელია, რომ ადამიანები ედგნენ ყუთს თავზე და ცდილობდნენ, რომ არაერთი მცდელობის შემდეგ, რამენაირად გამოჩნდეს ბიულეტინის უკანა მხარეს ერთი წერტილი, სადაც შეუძლებელია, ვინმემ ცალსახად თქვას, რომელი პარტიისთვის არის მიცემული ხმა. შესაბამისად, ასეთ ექსპერიმენტებს რომელიც ბუნებრივად არასდროს შეიძლება, მოხდეს, არანაირი სამართლებრივი ლოგიკა არ შეიძლება, ჰქონდეს“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა არჩილ გორდულაძემ.