ჩვენ განვაგრძობთ იმის შეფასებას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება და თუ ასე იქნება, არ მოვერიდებით მის გამოყენებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტმა მას პრესკონფერენციაზე ჰკითხა, აშშ მხარს უჭერს თუ არა ქართველ ხალხს და დგას თუ არა მათ გვერდით.
მილერმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან და ეს მკაფიოდ აჩვენეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ეს მკაფიოდ ვაჩვენეთ. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ამბიციას, გახდნენ ევროკავშირის წევრი და მათ შემდგომ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ პარტნიორებთან. როგორც იცით, ჩვენ გადახედვის პროცესში გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი დახმარება და შევაჩერეთ ამ დახმარების 95 მილიონი დოლარი იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც მათ გადადგეს. ჩვენ განვაგრძობთ იმის შეფასებას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება და თუ ასე იქნება, არ მოვერიდებით მის გამოყენებას“, – განაცხადა მილერმა.