უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის ოლქში უკვე იმყოფება 11 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო მოსამსახურე.
„დღეს ასევე იყო ცალკე მოხსენება მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურისგან რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოკორეელი სამხედროების ყოფნის შესახებ.
კურსკის ოლქში უკვე 11 ათასია. ჩვენ ვხედავთ ჩრდილოეთ კორეელების ზრდას და ვერ ვხედავთ ჩვენი პარტნიორების რეაქციის ზრდას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთი არ უარყოფს ჩრდილოკორეელი სამხედროების რუსეთში გაგზავნას, თუმცა არც კომენტარს აკეთებს ცნობებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მათი ჩართვის გეგმების შესახებ.
დასავლეთის ქვეყნები ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ჩართვას კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციად მიიჩნევენ.