თბილისის საქალაქო სასამართლოში „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
ჩუბინიძე წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. სასამართლო სხდომაზე მან საკუთარ თავს „ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე“ უწოდა და აღნიშნა, რომ არც მიმალვას აპირებს და არც მტკიცებულებების განადგურებას.
„სამშობლოსთვის არ მიღალატია, არც საბოტაჟი ჩამიდენია. თბილისთან ახლოს დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ გავანადგურებდი, რადგან ვერ გავანადგურებ იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე.
არა ვარ მე საშიში ან დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამართლებული და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ“, - თქვა სასამართლოში დიტო ჩუბინიძემ.
გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".