23 ოქტომბერს, ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპის ფარგლებში, რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში 270 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაბრუნდა. მათ შორის ხუთი ადამიანია, რომლებიც 2022 წლის ივლისში, ოლენივკაში მომხდარი რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულად მიიჩნეოდნენ.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ჩვენი 270 ადამიანი სახლშია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. შინ ბრუნდებიან ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, მათ შორის „აზოვის“ მებრძოლები, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის ძალების წევრები, სამხედრო-საზღვაო ძალების, სახმელეთო ჯარების, საჰაერო-სადესანტო მოიერიშე ჯარებისა და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე ცხრა სამოქალაქო პირი. მათი უმეტესობა ტყვეობაში ჯერ კიდევ 2022 წლიდან იმყოფებოდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, გათავისუფლებულთა უმეტესობა იმ მებრძოლებს შორისაა, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ. ასევე, ტყვეობიდან ბრუნდებიან დონეცკის, ლუჰანსკის, ხარკივის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, კიევის, მიკოლაივისა და ჩერნიგივის მიმართულებებზე მებრძოლი უკრაინელი სამხედროები.
„ბევრი მათგანი რუსეთში უკანონოდ გაასამართლეს. დაბრუნებულთა შორის არის ხუთი ადამიანიც, რომლებიც 2022 წლის ივლისში, ოლენივკაში რუსეთის მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტის დროს დაღუპულად მიიჩნეოდნენ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტმა.
2022 წლის ივლისში, ოკუპირებულ ოლენივკაში მდებარე კოლონიაზე თავდასხმის შედეგად ათეულობით უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.