რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ იცის მეთოდი, რომლითაც რუსეთში შობადობა უნდა გაიზარდოს. მისი აზრით, ქალებს, რომლებსაც აბორტი გაკეთების სურვილი აქვთ, უნდა შესთავაზონ 100.000 რუსული რუბლი ბავშვის სანაცვლოდ.
"გარწმუნებთ, ქალების ნახევარი, რომლებსაც ორსულობის შეწყვეტის სურვილი აქვთ, ამაზე დათანხმდება. ანუ ქალი არ იკეთებს აბორტს და ბავშვს სახელმწიფოს აძლევს. ამასთან, ინარჩუნებს ჯანმრთელობასაც. ჩვენ კი მას ფულს ვაძლევთ", _ განაცხადა ჟირინოვსკიმ პრიორიტეტული ნაციონალური პროექტების რესლიზებისა და დემოგრაფიული პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, დღეს ქალს, რომელიც მეორე და მომდევნო შვილს აჩენს, სახელმწიფო 300 ათას რუსულ რუბლზე მეტს უხდის. "მაშ მივცეთ მას 100 ათასი რუსული რუბლი პირველივე ბავშვზე", _ განაცხადა ჟირინოვსკიმ.
ჟირინოვსკის ინიციატივით, ასევე 100 000 რუსული რუბლი უნდა მიეცეთ იმ მამაკაცებს, რომლებსაც თავიანთი რეპროდუქციული ასაკის გაუმჯობესება სურთ.
ჟირინოვსკის კიდევ ერთი ახალი ინიციატივაა რუსეთში შობადობის ასამაღლებლად ორცოლიანობის დაკანონება.
"ჩვენთან ბავშვების 30 % უკანონოდ იბადება. იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცს ექნება უფლება, რომ დაარეგისტრიროს თავისი ქორწინება მეორე ქალთან, რომელმაც მისგან შვილი გააჩინა, პირველი ქორწინების გაუქმების გარეშე, მას უკვე მოვალეობას მეორე ოჯახზედაც დავაკისრებთ", _ განაცხადა ჟირინოვსკიმ.