უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მხარეს გადასცემს უკრაინის შეთავაზებას ენერგეტიკული ზავის შესახებ.
ამის შესახებ ზელენსკიმ ნიუ იორკში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ დავასრულოთ ომი, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთი მზად არის. ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკულ ზავზე. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რა თქმა უნდა, მზად ვართ, შევწყვიტოთ მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგეტიკულ სისტემაზე დარტყმები, თუ ისინი ჩვენსაზე თავდასხმებს შეწყვეტენ.
ანუ, თუ ჩვენ ენერგეტიკულ ობიექტებზე - მთელ ენერგეტიკის სფეროზე დარტყმებს არ განვახორციელებთ. სწორედ ასეთია ჩვენი შეთავაზება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს იმისთვის, რომ ეს შეთავაზება რუსეთს გადასცეს.
ზელენსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ იპოვის გზას, რათა რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ზამთრისთვის უკრაინის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო რაკეტების პაკეტი განიხილა.
მისი თქმით, უკრაინისთვის რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით ამერიკული მხარისგან უარი არ ყოფილა, თუმცა კონკრეტული პასუხიც არ მიუღია.
ზელენსკის განცხადებით, ტრამპს მისთვის არ უთხოვია, რუსეთზე დარტყმები ცალმხრივად შეეწყვიტა.
„არა, დღეს არც ერთი თხოვნა არ ყოფილა, რომ უკრაინას ცალმხრივად შეეწყვიტა დარტყმები. პირიქით, ჩვენ ენერგეტიკულ ზავზე ვსაუბრობთ. თუ ახლა პუტინის ომის შეჩერებას ვერ ვაიძულებთ, მე ჩემი პირადი მოსაზრება გამოვთქვი - პუტინი ყველას ეტყვის, რომ არჩევნებამდე ომის დასრულება სურს.
არჩევნების შემდეგ კი ნახავთ თავდასხმებს და ის იტყვის, რომ ამის მიზეზი უკრაინაა. ამ ღამითაც იყო თავდასხმა და ჩვენ უკვე ვიცით დაზვერვისგან, რომ ისინი [რუსები] აცხადებენ, თითქოს ეს იმის გამო მოხდა, რომ უკრაინამ არჩევნების დროს განახორციელა თავდასხმა“, - განაცხადა ზელენსკიმ.