ევროკავშირი არასდროს უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, მოლოტოვის კოქტეილების სროლას საქართველოსა თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. რაიმე ასეთის მტკიცება არის ევროკავშირის გაშავების კამპანიის მცდელობა , - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ევროკომისიის ანგარიშში უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლების შესახებ ჩანაწერს ეხებოდა.
ჟურნალისტმა ჰერჩინსკის სთხოვა, დაეკონკრეტებინა, ვინ მოიაზრებოდა უსამართლოდ დაკავებულ პირებში. კერძოდ, „ეხება თუ არა ჩანაწერი 4 ოქტომბრის საქმეზე პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულ პირებს, ან პირებს, რომლებმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლეს და ამ საქმეზე არიან გასამართლებული, ასევე ეხება თუ არა ეს ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილს“.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, „არის სურვილი, რომ ადამიანები, რომელთაც, არაპროპორციულად და შერჩევით მიუსაჯეს ხანგრძლივი სასჯელი, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ“.
„მკაფიოდ და ხმამაღლა გავიმეორებ, რაც უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ევროკავშირი არასდროს უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. არასდროს მომხდარა, არასდროს ხდება და არასდროს მოხდება ასეთი რამ. რაიმე ასეთის მტკიცება ან განცხადება, ეს არის უბრალოდ ევროკავშირის გაშავების მცდელობა, გაშავების კამპანიის მცდელობა. ეს აღმაშფოთებელი სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს – საქართველოს გაწევრიანება ევროკაშირში დე ფაქტო გაჩერებულია, სწორედ ამ გაშავების კამპანიის ნაწილია. მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, ასევე ქართველ ჟურნალისტებს, თქვენ ყველას გაქვთ პასუხისმგებლობა, არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ანტიევროპულ რიტორიკაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.