აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა და გრენლანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა იენს-ფრედერიკ ნილსონმა 22 სექტემბერს გრენლანდიის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
შეთანხმება აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის მნიშვნელოვნად გაფართოებას ითვალისწინებს და ამასთან, გრენლანდიაში ვაშინგტონის მოწინააღმდეგე სახელმწიფოებისთვის საკუთარი სამხედრო ბაზების შექმნას კრძალავს. Reuters-ის ცნობით, შეთანხმება 1951 წლის აშშ-დანიის თავდაცვის შეთანხმებას ცვლის და აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაფართოებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.
გრენლანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა იენს-ფრედერიკ ნილსონმა განაცხადა, რომ ახალი შეთანხმება 1951 წლის დოკუმენტის მოქმედებას აგრძელებს.
„ამ შეთანხმებამ ბოლო უნდა მოუღოს ყველა სპეკულაციას იმის შესახებ, თუ რომელ მხარეს დგას გრენლანდია. ჩვენ კვლავაც ვიქნებით აშშ-ის მეგობრები და დასავლური ალიანსის ნაწილი“, - განაცხადა ნილსონმა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ და დანია მრავალი წელია მოკავშირეები არიან და ვაშინგტონს თავისუფალი სამყაროს, მათ შორის გრენლანდიის, დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
„სიამაყით ვაცხადებ, რომ აშშ დანიის სამეფოს მეგობარია. ეს ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს უფრო მასშტაბური და უკეთესი შეთანხმებაა, ვიდრე 1951 წლის შეთანხმება, შეთანხმება, რომელსაც შეუძლია სამუდამოდ იმოქმედოს“, - განაცხადა ფრედერიქსენმა.
AP-ის ინფორმაციით, შეთანხმება აშშ-ს საშუალებას მისცემს, გრენლანდიაში სამხედრო ინფრასტრუქტურა გააფართოოს, მათ შორის განაახლოს პიტუფიკის კოსმოსური ბაზა და შექმნას ახალი თავდაცვითი ზონები ნარსარსუაკსა და მესტერსვიგში. ამასთან, გრენლანდია დანიის შემადგენლობაში რჩება და შეთანხმება დანიის სუვერენიტეტსა და გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს.
„მსურს მადლობა გადავუხადო ორივე მთავრობის ხელმძღვანელს. ჩვენ შესანიშნავი და საიმედო ურთიერთობები გვექნება. ეს შესანიშნავია ევროპისა და აშშ-ისთვის. ეს ყველასთვის კარგია. და ეს შესანიშნავი იქნება გრენლანდიისთვისაც“, - განაცხადა ტრამპმა.